25 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, ვისაც მაიდანის სცენარის გამეორება სურს, არა საქართველოს მეგობარი, არამედ მტერია.

საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ ნებისმიერი, ვისაც სურს საქართველოში მოხდეს მაიდანიზაცია არის არა ჩვენი ქვეყნის მეგობარი, არამედ მტერი - რატი იონათამიშვილი

მმართველ გუნდში აშშ-ის კონგრესში გამართულ მოსმენას ეხმაურებიან, სადაც უილიამ კორტნიმ, რომელიც საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩია, საქართველოში ვითარება მაიდნის მოვლენებს შეადარა.

“საზოგადოებამ ზუსტად იცის, რომ ნებისმიერი, ვისაც სურს საქართველოში მოხდეს მაიდანიზაცია არის არა ჩვენი ქვეყნის მეგობარი, არამედ მტერი. შესაბამისად, როდესაც ამ განცხადებებს შემდეგ ეფარებიან ე.წ. ქართველები, ვისაც უნდათ, რომ დასმენები მოდად აქციონ, ძალიან ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ ამ მავნებლურ ზრახვებს რაიმე შედეგი მოჰყვება ჩვენს ქვეყანაში, ერთი შედეგის გარდა - გვეცოდინება თითოეული, ვინც არის ამ ქვეყნის შიდა და გარე მტერი, ვისაც აღიზიანებს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, მშვიდობა და ერთი სული აქვს, აქ სისხლი როდის დაიღვრება. ვერ ეღირსებიან ამას,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ნინო წილოსანს, მისი შეფასებით, აშშ-ის კონგრესში გამართული შეხვედრა ფაქტობრივად ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობა იყო.

“კომისიამ მოსმენა გამართა ვადაგასული პოლიტიკოსის, შალვა ნათელაშვილის წერილის საფუძველზე. მოუსმინა ვადაგასულ ელჩს, ნატალია საბანაძეს, ხოლო თავის მხრივ, დაგვიანონსა რევოლუცია ერთ-ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა. ფაქტობრივად, ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობაა,“ - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, კონგრესმენებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე“ და “megobari act-ზე“ იმსჯელეს.

“შტატები არ დაუშვებს ანტიდემოკრატიული ქმედებების უპასუხოდ დატოვებას და საჭიროა “კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეაჩერებს საქართველოს სვლას რუსეთის ორბიტისკენ,“ - ასეთია მათი მთავარი გზავნილი. სხდომაზე უილიამ კორტნიმ რომელიც საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩია, საქართველოში ვითარება მაიდნის მოვლენებს შეადარა. კონგრესში ე.წ. მოწმის სტატუსით იმყოფებოდნენ ნატალია საბანაძე და ივანე ჩხაიძე, რომლებმაც სანქციები და ვიზების შეზღუდვა მოითხოვეს. მათ “ქართულ ოცნებაში“ მოღალატეები უწოდეს.

დღის ამბები