25 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების საქმე - პარტიის თავმჯდომარემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ოფისი დაათვალიერებინა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაზიანებული ოფისი დაათვალიერებინა. დიპლომატიური კორპუსის წევრებს დეტალები სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარემ გააცნო.

თავდასხმა და ნებისმიერი ძალადობა ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია სახელისუფლებო პარტიისთვის. თუმცა, მმართველი გუნდის წევრებს ოპონენტებთან აქვთ კითხვები, რომლებზე პასუხებიც ამ დრომდე ვერ მიიღეს. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობას გაუჩნდა ეჭვები, რაზეც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თავდაპირველად სოციალურ ქსელში ისაუბრა. რატი იონათამიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" არ ასაჯაროებს იმ ინციდენტის ამსახველ სრულ ვიდეომასალას, რომელიც მათ ოფისთან მომხდარ ამბავს ეხება. ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის თანაგუნდელები გარკვეულ ფაქტებს მალავენ და დამნაშავეებს ხელს აფარებენ.

რატი იონათამიშვილის განცხადებიდან მალევე, "ნაციონალურმა მოძრაობამ", ვიდეომასალის სრული ჩანაწერი არა, თუმცა კადრების კიდევ ერთი ნაწილი გაასაჯაროვა. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის პარტიის ინფორმაციით, ვიდეოში ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც, ოპოზიციის მტკიცებით, მათ ოფისზე თავდამსხმელებს არ აედევნა. ვიდეოს ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის.

საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და დამნაშავე პირების დასჯას "ნაციონალური მოძრაობა" უკვე მესამე დღეა მოითხოვს. თუმცა, თავად სააკაშვილის გუნდის პრესსამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეომასალაში ჩანს, რომ გამომძიებლებს პარტიის ცენტრალურ ოფისში თავად არ უშვებენ.

სწორედ ეს კადრები და ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ვიდეომასალის სრული ჩანაწერის გავრცელებაზე უარის თქმა იწვევს მმართველ გუნდში ეჭვებს, რომ მათი ოპონენტები გარკვეულ მტკიცებულებას მალავენ და გამოძიებას ხელს უშლიან.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ინციდენტი 3 დღის წინ მოხდა. ექსპრეზიდენტის თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ მათ ოფისში 100-მდე პირი მივიდა და პარტიის ცენტრალური ოფისი და ინვენტარი დააზიანა.

დღის ამბები