25 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
ესტონეთის პარლამენტში წარადგინეს განცხადების პროექტი, რომელშიც "ქართული ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზეა საუბარი - რას პასუხობენ მმართველ გუნდში

ესტონეთის პარლამენტში წარადგინეს განცხადების პროექტი, რომელშიც "ქართული ოცნების" ლიდერების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზეა საუბარი. დოკუმენტი გმობს საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ნაბიჯებს.

44 დეპუტატის სახელით განცხადება საპარლამენტო განხილვისთვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ერიკ-ნილეს კროსმა წარადგინა. ის ესტონეთის მმართველი პარტიის - რეფორმისტების წევრია. მას 2016 წელს შტატებში აკრძალული ჰქონდა შესვლა.

"ქართულ ოცნებაში" კროსისა და მიხელ სააკაშვილის კავშირებზე საუბრობენ.

"როდესაც დემოკრატიაზე დაიწყებენ საუბარს, მითუმეტეს საქართველოსთან მიმართებაში, ჯერ მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" დაგმონ, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული დემოკრატიისთვის. ცხადია, არავის აქვს უფლება ჩვენი ქვეყნის საშინაო პროცესებში ჩაერიოს. მსგავსი ჩარევები მხოლოდ ბუმერანგივით უბრუნდებათ უკან და შედეგებს ვერ აღწევენ. თუ დასკვნები ვერ გამოიტანეს, მით უარესი.

ფაქტია, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები სულ უფრო მეტად მტკიცდება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ძალიან ცდილობს, რომ ამას ხელი შეუშალოს, თუმცა ხელმოცარულია ამ მიმართულებით და ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ბოლომდე ვასრულებთ," - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

 

დღის ამბები