25 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
სამოქმედო გეგმა სალომე ზურაბიშვილისგან - რომელი პარტიები აწერენ ხელს პრეზიდენტის ქარტიას

22 ხელმოწერა და 17 პოლიტიკური პარტია - საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ქარტიის მხარდასაჭერად, ორბელიანების სასახლეში დილიდან თავი ოპოზიციამ მოიყარა. “ნაციონალური მოძრაობა“ და “სტრატეგია აღმაშენებელი“, “ლელო“, “გირჩი-მეტი თავისუფლება“, “დროა“, “ახალი“, “ევროპული საქართველო“ და სხვები თანხმდებიან, რომ მათთვის ახლა ერთობის და არა ერთიანობის დროა.

ათონელის რეზიდენციაში მისულები ირწმუნებიან, რომ დოკუმენტს ხელი ერთი და მთავარი პირობით მოაწერეს - ოქტომბრის არჩევნებზე არ იქნება საერთო სია და არც ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული ოპოზიცია.

საპარლამენტოს მოჰყვა არასაპარლამენტო ოპოზიციაც. ორბელიანების სასახლეში მისულები ქარტიის პრინციპებზე თანხმობას როგორც ზეპირად, ისე ხელმოწერით ადასტურებდნენ. ქარტია ითვალისწინებს პრეზიდენტთან კოორდინაციით ტექნიკური მთავრობის შექმნას, უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და სხვა კანონების გაუქმებას და, ასევე, ერთ წელიწადში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.

ზურაბიშვილის ერთობის დოკუმენტი “ომის ქარტიაა“ შალვა პაპუაშვილისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ პრეზიდენტის ინიციატივის მომხრეებს შორის სწორედ ის პარტიები არიან, რომლებსაც ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა არაერთხელ ჰქონდათ.

ოპოზიციის რიგებში არიან ისეთებიც, ვინც ზურაბიშვილის იდეის მიღმა სამართლებრივ ჩიხებს ხედავენ. ორბელიანების სასახლის დარბაზში განთავსებულ დოკუმენტზე არ იქნება “გირჩის“ და გახარიას “საქართველოსთვის“ ხელმოწერა. ერთი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის არგუმენტაცია სუსტია და დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს; მეორე კი რიგგარეშე არჩევნების იდეას 26 ოქტომბრის მნიშვნელობის დაზიანებად აღიქვამს და პასუხისმგებლობას არც დროებითი მთავრობის ფორმირებაზე იღებს.

გახარიას გუნდის უარი პოლიტიკური ფანდია სახელისუფლებო პარტიისთვის. “ქართულ ოცნებაში“" დარწმუნებული არიან, რომ პარტიის “საქართველოსთვის“ ეს გადაწყვეტილება წინასწარ შეთანხმებული გეგმის ნაწილია, რომლის თანახმად “ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველი არ უნდა წაართვან და გადაუწყვეტელ ელექტორატზე იმუშაონ.

ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და სასამართლო პროცესი პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა მიხეილ სააკაშვილმა. “ვივამედის“ კლინიკაში მოთავსებულმა ექსპრეზიდენტმა ზურაბიშვილს მხარდაჭერა დაუდასტურა, თუმცა ორი პირობით - დაიწყოს კოორდინაცია საერთო სიასა და ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე.

მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს არასერიოზულად აღიქვამს მმართველი გუნდი. “ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ სააკაშვილ-ზურაბიშვილის გამარჯვების ფორმულა, მარცხისთვისაა განწირული.

ქარტიის იდეა და სამოქმედო გეგმა სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს წარადგინა და ოპოზიციურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ხელმოწერამდე პოლიტიკურ ძალებს დრო 1 ივნისამდე ჰქონდათ, ორი დღის შემდეგ კი ათონელის რეზიდენციაში დოკუმენტის გაფორმება დაიწყო.

დღის ამბები