25 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
სიძულვილის ენა და ბულინგი პოლიტიკურ წრეებში - ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს და ორივე რეაგირებას საერთაშორისო პარტნიორებისგან ითხოვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით თავად მიმართა. ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას აედევნენ და პოსტს მტკიცებულებად ვიდეომასალაც დაურთო. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ინფორმაციით, რამდენჯერმე შენიშნა, როგორ უთვალთვალებდნენ ავტომანქანიდან.

ოპოზიციის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ბულინგზე საუბრობს სახელისუფლებო პარტიის კიდევ ერთი წევრი, ვიქტორ სანიკიძე. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა თავად გაავრცელა. ვიქტორ სანიკიძე ამბობს, რომ მას ვაკის პარკში “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დახვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებების ადრესატი “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები, ბულინგის ფაქტებს გმობენ, თუმცა, პარალელურად მმართველი პარტიის დეპუტატებს “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ცემას ახსენებენ და მოუწოდებენ, დაინტერესდნენ, რა ეტაპზეა ლევან ხაბეიშვილის საქმის გამოძიება.

“სტრატეგია აღმაშენებლისგან“ განსხვავებით, კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილის საქმეზე დღეს თავად მის პარტიაში არ უსაუბრიათ. “ნაციონალურ მოძრაობაში“ მთავარი საკითხი ახლა მათი ოფისის დაზიანებაა. სააკაშვილის პარტიაში სწორედ ამ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ, თუმცა პრესსამსახურის მიერ დღის ბოლოს გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეომასალაში ჩანს, რომ გამომძიებლებს პარტიის ცენტრალურ ოფისში თავად არ უშვებენ. “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პირები, რომლებიც მათთან მივიდნენ, გამომძიებლები არ იყვნენ და სამუშაო პროცესში ხელის შეშლას ცდილობდნენ.

“ქართული ოცნებისთვის“ კი ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. სახელისუფლებო პარტიის წევრები თავდასხმებს გმობენ და ოპონენტებსაც იმავეს მოუწოდებენ.

მის მიმართ ძალადობის მცდელობაზე საუბრობს ზურა ჯაფარიძის პარტია “გირჩის“ წევრიც. ცოტნე კობერიძემ მტკიცებულებად ვიდეომასალა გაავრცელა და თქვა, რომ შემთხვევას არაერთი თვითმხილველიც ჰყავს.

სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს. იქამდე კი, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. შალვა პაპუაშვილი, რომელმაც განცხადება ჯერ სოციალურ ქსელში გაავრცელა, დღეს კი კომენტარიც გააკეთა, დარწმუნებულია, რომ ყოველი აღშფოთებული მოქალაქის უკან “ნაციონალური მოძრაობის“ ცუდად შენიღბული აქტივისტი დგას, ოპონენტების ქმედებების უკან კი ევროპის სახალხო პარტია, რაც მმართველი გუნდისთვის სამწუხაროა.

ვიდრე მმართველი გუნდი და ასევე ოპოზიცია შანტაჟზე ბულინგზე და თავდასხმებზე საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიტიკოსების განცხადებების საფუძველზე არაერთი გამოძიებაა დაწყებული.

დღის ამბები