25 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
დოკუმენტის ფარგლებში, გაიწერა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები, რომლის გადადგმის შემთხვევაში საქართველოს შეუძლია, წარმატებით გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან - თინა ბოკუჩავა

პრეზიდენტის ინიციატივას, “ქართულ ქარტიას“ 18 ხელმოწერა აქვს. ხელმომწერებს შორისაა, “ნაციონალური მოძრაობა“, “სტრატეგია აღმაშენებელი“, “ლელო“, “გირჩი - მეტი თავისუფლება“, “დროა“, “ახალი“, “ალეკო ელისაშვილის მოქალაქეები“, “ევროპული საქართველო“ და სხვები.

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ქარტიაში გაწერილია მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანას შეუძლია წარმატებით გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

“ამ დოკუმენტის ფარგლებში, გაიწერა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები, რომლის გადადგმის შემთხვევაში საქართველოს შეუძლია, წარმატებით გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ამიტომ აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ხელი მოეწერა აღნიშნულ დოკუმენტზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, როდესაც ქართველები ერთიანდებიან, ისინი ბრძოლაში არასდროს მარცხდებიან, ამიტომ სწორედ ამ რწმენით მოაწერა მან პრეზიდენტის ქარტიას ხელი.

“ისტორიულად, არ ყოფილა, რომ ქართველები ერთად დამდგარიყვნენ და ვერ გაემარჯვოთ, ამიტომ ამ რწმენით მოვედი. “სტრატეგია აღმაშენებლის სახელით“, მოვაწერე ხელი. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. “ქართული ოცნება“ დაპირისპირებაშია შესული არა რომელიმე პარტიასთან, ან რომელიმე ლიდერთან, არამედ დაპირისპირებაში შევიდა ქართველ ხალხთან. ქართველმა ხალხმა მათ უკვე გამოუტანა საბოლოო განაჩენი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“რესპუბლიკური“ პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრის, დავით ბერძენიშვილის განცხადებით, პოლიტიკური და საზოგადოებრივი კოორდინაციის პროცესში, პრეზიდენტი პოზიტიურ როლს ასრულებს.

“დემოკრატიული მოდერნიზაცია, ანუ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი იქნება უზრუნველყოფილი ამ დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან პარლამენტში. მე ვარ ძალიან იმედიანად. პრეზიდენტი ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს ამ პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების კოორდინაციაში“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, “ქართული ქარტია“, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება, ტექნიკური მთავრობა გააუქმებს “უცხოური გავლენების შესახებ“ და სხვა კანონებს, ამასთან იმუშავებს რეფორმებზე, რის შემდეგაც რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.

დღის ამბები