საეთეროდან მაყურებლის ეკრანებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, მონიტორზე გამოსახულება კი ჯადოსნური ტექნიკისა და ადამიანების დამსახურებაა. კადრს მიღმა, "რუსთავი2-ის" უხუცეს თანამშრომელს, ლადო ღვინიაშვილს საპასუხისმგებლო მისია აქვს - ეთერი უნდა გაიყვანოს, უკვე ვეღარც ითვლის მერამდენედ. ისეთივე დიდი პასუხისმგებლობით და შემართებით, როგორც წლების წინ, 2 დღის გახსნილი ტელევიზიის კარი პირველად რომ შეაღო. არხის თანამშრომლების თავდაპირველი თავშესაფარი მაშინ რუსთავში მდებარე სასტუმროს მეხუთე სართული იყო.
ისტორია 30 წლის წინ, 30 თანამშრომლით დაიწყო. მაშინ, როცა ტელევიზიას ბევრი არაფერი ჰქონდა, თუმცა ჰყავდა ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდნენ.
შვილივით გამოზრდილ არხზე ლადო ღვინიაშვილი ახლა უკვე შვილთან ერთად მუშაობს. გიორგი დაბადებულიც არ იყო "რუსთავი2", რომ დაიბადა. ახლა უკვე 26 წლის არის და მშობლიურ არხზე ტექნიკური პროდიუსერია. მამა ხშირად ხუმრობს კიდეც, რომ ტელევიზიაში მუშაობის სამი ათეული წლის შემდეგ, შვილი უკვე მისი უფროსია.
"რუსთავი 2-ის" ლოგოს წარმატებამ, 30 წლის განმავლობაში, უამრავი ადამიანის მხრებზე გაიარა. ეს მიკროფონი დღემდე თაობების ხელში გადადის, საკუთარ ისტორიას სამი ათეული წელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიასთან ერთად წერს. 1990-იან წლებში, ენთუზიასტების წამოწყება - ქართულ ტელესივრცეში ახალი სიტყვა ეთქვათ, თანდათანობით ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიად იქცა. დროის გასვლასთან ერთად, იზრდებოდა საინფორმაციო გამოშვებების რაოდენობაც. ახალ ტელევიზიაში ზოგი შემთხვევით მივიდა, ბევრმაც იქ სულ პირველად ნახა კამერა და მიკროფონი.
დავით ხარატიშვილი, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ საუკუნის მეოთხედს გაატარებდა არხზე, სადაც დღემდე მძღოლის პოზიციაზე მუშაობს. იხსენებს, ახალდაბადებულ ტელევიზიაში მოსულს, ხშირად რეკორდის დამყარებაც რომ უწევდა, სამსახურში მასალის დროულად მისატანად.
ომარ ოდოშაშვილი ამ არხის კიდევე ერთი მემატიანეა. ისიც 20 წელზე მეტია "რუსთავი2-ით" ცხოვრობს. ყოველდღიურად ზრუნავს იმისთვის, რომ ოპერატორს კამერამ ან მიკროფონმა არ უღალატოს, ტექნიკურმა აღჭურვილობამ კი ისე იმუშაოს, რომ მაყურებლამდე ინფორმაცია ოპერატიულად მივიდეს.
სისწრაფე, რისკი და ადრენალინი არხზე მომუშავე ოპერატორების განუყოფელი ნაწილი და ყოველდღიურობაა. მათ მიერ შექმნილი ხარისხი დრომ გამოცადა. ტრადიცია გრძელდება, და ძველები გამოცდილებას ახალბედებს უზიარებენ. რჩევას იღებენ არხის უხუცესი ოპერატორისგანაც. ზვიად იგრიაშვილი, თითქმის 30 წელია, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ განვითარებულ მოვლენებს თავისი კამერით აკვირდება.
უშიშარმა გოჩა რამიშვილმა, თავგანწირვით, საკუთარი გმირობის ისტორია უკვე დაწერა - "რუსთავი 2-ის" ოპერატორმა, რომლისთვისაც ერთი ჩვეულებრივი გადაღება საბედისწერო აღმოჩნდა. მისი სახელობის ჯილდო დღეს ოპერატორებისთვის საპატიოა და ტრადიციადაც იქცა. "რუსთავი 2-ის" დაბადების დღეზე, იმ ოპერატორებს აჯილდოებენ, რომლებიც საუკეთესო კადრებით მაყურებელს თავს დაამახსოვრებენ. ჟიური რამდენიმე დღით ადრე იკრიბება, როგორც თავად ამბობენ, ოპერატორების ოსკარის ჩასატარებლად.
ამ არხს რა არ უნახავს და გამოუვლია. მისი თავგადასავალიც ისეთივეა, როგორიც ქვეყნის. იყო ბევრი ემოციაც, ისეთი, დროს რომ გაუძლო და ვერაფერმა წაშალა.
"კურიერი" 9 საათზე - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო მათთვის, ვინც აქ მუშაობს. დრო, როცა მაყურებელი ქვეყნის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას განსაკუთრებულად ელოდება.
ის, რასაც ეთერში ხედავთ, ხშირად იმ ადამიანების ძალისხმევის შედეგია, რომლებიც კამერის მიღმა არიან და არ ჩანან.
არხის არქივმა დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორია კასეტების ფირებზე დაიტია. ფირების თაროები ჩვენი ქვეყნის სატელევიზიო თავგადასავალს ინახავენ.
არქივი დღევანდელ დღესაც შემოინახავს და ახალ თაობას ეტყვის, რომ "რუსთავი 2" ყველა იმ ადამიანის ერთობაა, ვინც ამ არხმა გაზარდა. პირველ ივნისს პირველობისთვის დაბადებული არხი დღესაც პირველობისთვის იბრძვის. ისტორიის ახალ ფურცელს კი იმ ადამიანებთან ერთად წერს, ვისთვისაც "რუსთავი 2" მხოლოდ სამსახური არ არის და ვინც დაუღალავად მუშაობს იმისთვის, რომ ერთ პატარა ოთახში დაწყებული ისტორია კიდევ დიდხანს გაგრძელდეს.