25 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
"რუსთავი 2-ზე" დიდი საფეხბურთო დღესასწაული იწყება - მაყურებელს "ჩვენების", ანუ 26 მარტის გმირების ექსკლუზიური ინტერვიუები ელოდება

"რუსთავი 2-ზე" დიდი საფეხბურთო დღესასწაული იწყება - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნული ნაკრები ევროპის პირველობისთვის იბრძოლებს. არხი, ევრო 2024-ზე საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წარმატების კვალდაკვალ, სატელევიზიო ბადეს ცვლის.
დღეიდან მაყურებელი "ჩვენების", ანუ, 26 მარტის გმირების ექსკლუზიურ ინტერვიუებს ნახავს.

მოლოდინები, განცდები, ემოციები და გამარჯვების ყიჟინა, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა - ეს იყო საგზური კონტინენტის პირველობისთვის.

"რუსთავი 2" საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების გაშუქების 25 წლიან ისტორიას განაგრძობს. პირველი ქართული არხი, რომელმაც მაყურებელს უცხოეთიდან პირდაპირი ჩართვები შესთავაზა, სწორედ "რუსთავი 2" იყო 1999 წელს, 2024-ში კი არხის სპორტული მატიანეს ახალი გვერდი იწერება.

უკვე ყველასთვის ცნობილია, რომელი გერმანიის ქალაქები უმასპინძლებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. პირველ ჯგუფურ ეტაპზე სადებიუტო შეხვედრა თურქეთთან დორტმუნდში ჩატარდება, ჰამბურგში - საქართველო ჩეხეთი, ხოლო გელზენკირხენიში - საქართველო პორტუგალია. ცნობილია ნაკრების შემადგენლობაც.

ფეხბურთელები ავსტრიაში არიან და ისტორიული თამაშისთვის ემზადებიან. მათთან ერთად არის მთავარი მწვრთნელიც - წარმოშობით ფრანგი, რომელსაც ევრო 2024-ზე მოვლენათა განვითარების მხოლოდ ერთი სცენარი ეუხერხულება - საფრანგეთთან თამაში.

ევროპის ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულად ემზადება გულშემატკივარიც. საქართველოს თამაშებზე ყველა ბილეთი გაყიდულია. იმ ქალაქების მიმართულებით, სადაც მატჩები უნდა გაიმართოს, დაინიშნა პირდაპირი ფრენები სახელმწიფო სუბსიდირებით.

ისევე, როგორც ყველა სხვა თამაშზე, ამჯერადაც ერთ-ერთი მთავარი როლი ევროპის პირველობაზე ე.წ. მეთორმეტე მოთამაშეს - ქომაგს ეკუთვნის

გულშემატკივრების ემოციების ყველაზე დიდ ტალღას საქართველოში უნდა გაუძლოს მიხეილ მესხის სტადიონმა. გერმანულმა სტადიონებმა ყველა მსურველი ქართველი გულშემატკივარი ვერ დაიტია, ამიტომ მათ შესაძლებლობა ექნებათ, "ჩვენებს" სტადიონზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანებთან ექომაგონ.

ქომაგებს ეკუთვნით გამოწვევა - "ევრო 2024-ის" ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ყველამ საკუთარი სახლებიდან გადმოფინოს საქართველოს დროშა; მათ კი, ვინც ვერ მოხვდება ევროპულ ტრიბუნებსა და სხვა დიდ ჩვენებებზე, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გამარჯვების იმედით, "რუსთავი 2" სატელევიზიო ქომაგობის ერთთვიან მარათონში იწვევს.

დღის ამბები