25 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
ჯარიმა თუ პატიმრობა - რა ელის აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონში მონაწილე დონალდ ტრამპს, რომელიც დამნაშავედ ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ცნო

"გასამართლებული დამნაშავე" - ხუთშაბათის შემდეგ, ეს სტატუსი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და ეს წოდება დარჩება ბოლომდე, თუ ის აპელაციების დროს, საკუთარი სახელის და ბიოგრაფიის გასუფთავებას ვერ მოახერხებს.

"დამნაშავეა" - ასეთი სათაურით გამოიტანა ნაფიც მსაჯულთა ისტორიული გადაწყვეტილება პირველ გვერდზე "ნიუ-იორკ თაიმზმა" და პარასკევს გამთენიისას დაბეჭდილი მისი ნომერიც ისტორიული იყო. დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტი ან ყოფილი პრეზიდენტი არათუ არ გაუსამართლებიათ, ბრალიც კი არ წაუყენებიათ. სრულად გამართლების შემთხვევაშიც კი, ტრამპი უკვე შევიდა ამერიკის ისტორიაში, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელიც სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ დამნაშავედ ცნო.

დონალდ ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ ყველაფერი ბაიდენის გარემოცვამ მოაწყო, რათა პოლიტიკური მოწინააღმდეგე გაენეიტრალებინა.

ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, ტრამპის დასაცავად, მაშინვე გამოვიდა კონგრესის ქვედა პალატის სპიკერი და ხაზი გაუსვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

ტრამპი დიდი ხანია ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ წამოწყებული საქმე, თეთრ სახლთან და იუსტიციის დეპარტამენტთან ერთად, ვაშინგტონიდან იმართება. თუმცა არავის წარმოუდგენია მტკიცებულება ამ საქმეში ფედერალური უწყებების როლის შესახებ. მანჰეტენის ოლქის პროკურორი ელვინ ბრეგი მართალია დემოკრატია, თუმცა ის ადგილობრივად არჩეული მოხელეა და ფედერალურ მთავრობასთან ანგარიშვალდებული არ არის. ბრალდებაც ტრამპის წინააღმდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა დაამტკიცეს, რომლებიც ნიუ-იორკის ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატის დამნაშავედ ცნობა მგრძნობიარე თემაა და, ამერიკის საზღვრებს მიღმა, ყველა მთავრობა ცდილობს, კორექტულობა და ნეიტრალურობა შეინარჩუნოს. გამონაკლისი მოსკოვია.

ნაფიცმა მსაჯულებმა, დოკუმენტების გაყალბების საქმეზე, ტრამპი 34-ვე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნეს. საქმე ეხება 2016 წლის საარჩევნო კამპანიას, როდესაც დონალდ ტრამპის დავალებით, მისმა იურისტმა მაიკლ კოენმა პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსს 130.000 დოლარი გადაუხადა, რათა დენიელსი გაჩუმებულიყო და ტრამპთან სასიყვარულო ურთიერთობაზე არაფერი ეთქვა. თანხის გადახდა კრიმინალური ქმედება არ არის, თუმცა ამ ხარჯის იურიდიულ მომსახურებად გაფორმება, სისხლის სამართლის დანაშაულია.

ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტმა, რომელსაც მაშინვე არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, კიდევ ერთხელ უჩვენა, თუ რამდენად პოლარიზებულია პოლიტიკური გარემო, განსაკუთრებით, არჩევნებამდე დარჩენილ თვეებში. ტრამპის მომხრეებმა ამერიკის დროშები უკუღმა დაკიდეს, რაც იმის სიმბოლო იყო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამ ქვეყანა თავდაყირა დააყენა.

დემოკრატების მხარდამჭერები კი სიხარულს ვერ მალავენ. აღტაცებით შეხვდნენ განაჩენს ნიუ-იორკში. ჰილარი კლინტონმა, რომელსაც ტრამპი 2016 წლის არჩევნების დროს ციხით ემუქრებოდა, განაჩენის დღეს ირონიულად იკითხა, იმ დღეს რამე თუ ხდებოდა.

უმწვავესად გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტი 2 ოსკარის მფლობელმა მსახიობმა რობერტ დე ნირომ, რომელმაც სასამართლოს შენობასთან ტრამპს მასხარა უწოდა. მოგვიანებით, სატელევიზიო გამოსვლის დროს, დე ნირო კიდევ უფრო მწვავე იყო.

ჯერ დაზუსტებით რთულია თქმა, რამდენად დააზიანებს ტრამპს სასამართლოს განაჩენი. რესპუბლიკელები და ტრამპიც ირწმუნებიან, რომ ვერდიქტის შემდეგ მისი რეიტინგიც და შემომწირველთა რაოდენობაც იზრდება. თუმცა, არაერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს ზიანს და მძიმე საფასურს ნოემბრის არჩევნებზე. თუკი მოსმენების დროს რეიტინგები თითქმის არ იცვლებოდა, დამნაშავედ ცნობას ტრამპი გადაჰყავს ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც ამერიკული არჩევნებისთვის უპრეცედენტო და შეუსწავლელია. ცნობილია გამოკითხვები, რომელთა მიხედვითაც ტრამპის მომხრეთა 6% გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, მისთვის ხმის მიცემას, სავარაუდოდ აღარ აპირებდა. კანდიდატების ერთმანეთთან ძალიან მიახლოებული რეიტინგების ფონზე კი ეს 6%, ან თუნდაც 4%, შესაძლოა, საბედისწერო იყოს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ტრამპის მიერ დოკუმენტების გაყალბების თემას შედარებით მსუბუქად აღიქვამს, ვიდრე მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის სხვა საქმეებს, ეს პროცესები კი არჩევნებამდე არ დაიწყება.

11 ივლისს გაირკვევა, თუ რა სასჯელს შეუფარდებს მოსამართლე დონალდ ტრამპს, სისხლის სამართლის ბრალდების 34-ვე მუხლში გამტყუნების შემდეგ.

დღის ამბები