25 ნოემბერი 2024,   06:55
ვრცლად
რატომ არ მოსწონს "ლელოს" ჩინური კომპანიის შემოსვლა და რას პასუხობს მას ხელისუფლება - ანაკლიის პორტი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა

ანაკლიის პორტი - პროექტი, რომლის განხორციელების მნიშვნელობაზე ყველა თანხმდება, თუმცა საკითხი პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემა მაინც გახდა. იმის მიუხედავად, რომ მამუკა ხაზარაძე, წლების წინ, პორტის მშენებლობისთვის თანამშრომლობას თავად ჩინურ კომპანიასთან აპირებდა, წლების შემდეგ, ქვეყანაში ჩინეთის შემოსვლას რუსულ ინტერესებს უკავშირებს.

მამუკა ხაზარაძემ თვეების წინ ნათქვამიც შეცვალა. "ლელოს" ლიდერი ამტკიცებდა, რომ რუსეთს საქართველოში ანაკლიის პორტის მშენებლობა არ სურდა.

2021 წელს რუსული ინტერესების გატარებაში ოპოზიციამ თავად ხაზარაძე დაადანაშაულა. პარტია "გახარია საქართველოსთვის წევრი" იხსენებს, რომ ყოფილი ბანკირი საქართველოში ერთ-ერთ ინვესტორად ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებული კომპანია "მერიდიანის" შემოყვანას ცდილობდა.

ოპოზიციის პოზიცია ერთიანი არც ამ შემთხვევაშია. თუკი მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ, ჩინური კონსორციუმით შემოსვლით, ქვეყანაში რუსული ინტერესები ძლიერდება, ნაწილი ამტკიცებს, რომ რუსეთის ინტერესში ანაკლიის პორტის მშენებლობა საერთოდ არ არის.

ჩინური კომპანიის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ "გირჩში", თუმცა ამბობენ, რომ ქვეყანამ სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები არ უნდა დათმოს.

პროექტის მნიშვნელობასა და ოპონენტების ბრალდებებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, ჩინური კომპანიის მიერ ტენდერის მოგება იძლევა იმის გარანტიას, რომ ანაკლიის პროექტი უმაღლეს დონეზე განხორციელდება.

ინვესტორის ვინაობა ცნობილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა უახლოეს თვეებში უნდა დაიწყოს.

 

ავტორი: იზი ბურნაძე

დღის ამბები