25 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
საჭიროა, ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა იგრძნოს - თუ ვინმეს რამეს აბრალებენ, ამას მოაყოლონ მტკიცებულებები - ლანა გალდავა

ოპოზიციის ნაწილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, დაგმოს ძალადობა და თავდასხმა “ ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებზე, პარტიის ცენტრალურ ოფისზე, სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და აქტივისტებზე.

მიმართვაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახური ავრცელებს, პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსთა ნაწილი წერს, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედითი შემზღუდავი ზომების, მათ შორის - ინდივიდუალური სანქციების გატარებას ქვეყანაში."

მიმართვაში საუბარია ოპოზიციონერების ნომრებზე განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე, ასევე ოფისებთან და საცხოვრებელ სახლებთან გაკეთებულ წარწერებზე. "ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას დაგმოს სახელმწიფო ტერორის ეს აქტები და მტკიცე პოზიცია დაიკავოს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევის საპასუხოდ." - წერია მიმართვაში.

როგორც პარტია ”ლელო საქართველოსთვის” საპარლამენტო მდივანი ლანა გალდავა აცხადებს, საჭიროა, ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა იგრძნოს.

"ქართული ოცნების" მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე, ვერასდროს ვერ დავინახეთ მტკიცებულებები. რაც შეეხება იმ ოპოზიციონერი კოლეგების, აქტივისტებისა და მოქალაქეების განცხადებებს, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, ეს გამოხატვის თავისუფლება ჯდება კანონის ფარგლებში, ისინი არასდროს არ არღვევენ კონსტიტუციას და არ ეწინააღმდეგებიან კანონს. შესაბამისად, ჩვენ ვმოქმედებთ კონსტიტუციის ფარგლებში. საჭიროა, რომ ხელისუფლებამ იგრძნოს პასუხისმგებლობა და, თუ ისინი ვინმეს რამეს აბრალებენ, ამას მოაყოლონ მტკიცებულებები", - განაცხადა ლანა გალდავამ.

დღის ამბები