ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა პარკებში თუ გასართობ სივრცეებში დღეს ხალხმრავლობა იყო. მთაწმინდის პარკში საბავშვო აქტივობები დილიდან მიმდინარეობდა. მოწყობილია შემეცნებითი და სპორტული სივრცეები. ჩატარდა შეჯიბრი და გაიმართა სხვადასხვა წარმოდგენები.
დატვირთული იყო დედაენის ბაღიც. ადგილზე მოეწყო კვების სივრცეები. გაიმართა კოსტიუმირებული შოუ, საბავშვო წარმოდგენები. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება საღამოს კონცერტით სრულდება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, თავდაცვის სამინისტრომაც უმასპინძლა. სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო ოფისის წარმომადგენლების შვილები მუსიკალურ ღონისძიებას დაესწრნენ.
ბავშვებს დღევანდელი დღე მიულოცა ჯანდაცვის მინისტრმაც. მიხეილ სარჯველაძე ახალი ინიციატივით გამოდის - იწყება სისხლის უანგარო დონაციის კამპანია, სადაც მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. მინისტრი დღესვე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებთან ერთად გადაუდებელი დახმარების ცენტრსაც ესტუმრა, სადაც მათ მუშაობის სპეციფიკა პირადად გააცნო. ესტუმრნენ გადაუდებელი დახმარების სატრენინგო ცენტრსაც სადაც პატარებმა ინფორმაცია პირველადი დახმარების საფუძვლებზე მოისმინეს. დაათვალიერეს სასწრაფო მანქანა და სამედიცინო ინვენტარები.
ბავშვთა დაცვის დღეს მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ. ეს თარიღი თითქმის ერთი საუკუნეა აღინიშნება იმის შესახსენებლად რომ ბავშვებს ცხოვრება სამართლიან, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში შეეძლოთ.