25 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
ღაზაში ომის შეწყვეტის 3 ეტაპიანი გეგმა - რა პირობები აქვს ბაიდენის შეთავაზებას

ჯო ბაიდენმა ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" ომის დასრულების გეგმა წარუდგინა. გეგმა სამი ეტაპისგან შედგება: პირველი ეტაპი ექვსი კვირით ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს, რომლის თანახმად, ამ პერიოდში ისრაელის ძალებმა ღაზის სექტორი უნდა დატოვონ, "ჰამასმა" კი ისრაელელი მძევლები გაათავისუფლოს. ბაიდენის გეგმის მიხედვით, შემდგომ ეტაპზე პალესტინელები ღაზის სექტორში დაბრუნებას შეძლებენ, საერთაშორისო საზოგადოება კი მათ დროებითი საცხოვრებლითა და ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველყოფს. მესამე ფაზა ღაზის სექტორის აღდგენას ითვალისწინებს.

ამერიკის პრეზიდენტის გეგმას ისრაელის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ისრაელი ცეცხლს არ შეწყვეტს მანამ, სანამ ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" "ომის კაბინეტის" პირობებს არ შეასრულებს.

პარალელურად, ღაზის სექტორში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია გრძელდება. ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკზე ისრაელის თავდასხმას სამოცდაათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. "ცაჰალი"-ს განცხადებით, სამხედროებმა ჰუმანიტარულ ზონაში "ჰამასი"-ს ტერორისტები გაანადგურეს.

"აპოკალიფტური" - ამ სიტყვით აღწერს გაეროს ჰუმანიტარული საკითხების ოფისი ღაზის სექტორში მიმდინარე სოციალურ კატასტროფას. მსოფლიო სურსათის სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, 7 280-ზე მეტი ბავშვი შიმშილობს.

ღაზაში 7 ოქტომბრის შემდეგ, ომს 36 284 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია 82 000-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის მხარეს 1 139 ადამიანია მოკლული, ათეულობით ისრაელელი დღემდე დაჯგუფება "ჰამასი"-ს ტყვეობაში რჩება.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

 

 

 

დღის ამბები