25 ნოემბერი 2024,   08:00
ვრცლად
დამსხვრეული შუშები, დაზიანებული ინვენტარი და შენობა - თავდასხმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე 

წარწერები ოფისის შესასვლელზე, ჩატეხილი შუშები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი დღეს სწორედ ასე გამოიყურება.

პარტიის თავმჯდომარის ინფორმაციით, გვიან ღამით ოფისს თავს 50-მდე უცხო, შეიარაღებული პირი დაესხა. ლევან ხაბეიშვილი იხსენებს, რომ ამ დროს "ნაციონალური მოძრაობის" შენობაში თვითონ არასრულწლოვან შვილთან და პარტიის ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად იმყოფებოდა. თავმჯდომარე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ელჩებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, მთელი დღე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს და ამოიღეს ნივთმტკიცებულებებიც. საქმის გამომძიებელი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი კახეთის გზატკეცილზე გვიან ღამითაც ჩატარდა. საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამ მუხლით გამოძიების მიმდინარეობას "ნაციონალურ მოძრაობაში" არ ეთანხმებიან და მის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საგანგაშო ტენდენციაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ადგილი აქვს პოლიტიკოსებზე ძალადობას, ბულინგს და სამართალდამცავმა უწყებებმა ყველა ინციდენტზე რეაგირება უნდა მოახდინონ. ოპოზიცია პასუხისმგებლობას სახელისუფლებო ძალას აკისრებს.

სახელისუფლებო გუნდში დღეს თქვეს, რომ ძალადობა ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ პირზე მათთვის მიუღებელია, თუმცა, აქვე, აღნიშნავენ იმასაც, რომ ასევე დასაგმობია ის შეურაცხყოფა, რომელსაც თავად ბოლო პერიოდია, ოპონენტებისგან და აქტივისტებისგან იღებენ. "ქართულ ოცნებაში" "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ღამით განვითარებული მოვლენების სხვა ვერსია აქვთ.

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისის გარდა, წარწერებია გაკეთებული არასამთავრობო სექტორის შენობებზეც, მათ შორის, თბილისში აქტივისტებმა წარწერები დატოვეს ქობულეთის აღმართზე, მედია განვითარების ფონდის ოფისზე, ასევე "მწვანე ალტერნატივის" შენობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ოფისების კედლები წარწერებით შეღებეს აჭარაშიც. ბათუმში, პარტია "ახალის" ოფისსა და "საერთაშორისო გამჭვირვალობის" შენობაზე, გვიან ღამით აქტივისტებმა წარწერები დატოვეს.

 

 

დღის ამბები