25 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
Brussels Signal: საქართველოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი სინამდვილეში ძალიან ამერიკულად გამოიყურება

"საქართველოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი სინამდვილეში ძალიან ამერიკულად გამოიყურება" - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Brussels Signal აქვეყნებს. სტატიის ავტორი ენტონი კონსტანტინი საქართველოში "უცხოური აგენტების კანონის" მიღებაზე დასავლეთის პასუხს გასაკვირს უწოდებს და აღნიშნავს, რომ კანონის ოპონენტებმა მას "რუსული" შეარქვეს.

"ფაქტობრივად, კანონი ამერიკის FARA-ს მსგავსია, რომელიც 1938 წლიდან მოქმედებს და გულისხმობს, რომ ამერიკულ პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოური წყაროებიდან შემოსული ფული უნდა იყოს გამჟღავნებული. დასავლეთში გავრცელებული პრაქტიკაა ისეთი შეზღუდვები აქტივობების საგარეო დაფინანსებაზე, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურად ან მიზნად ისახავდეს დებატებზე გავლენის მოხდენას.

მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რას ნიშნავს საქართველოში "სამოქალაქო საზოგადოება". სამოქალაქო სექტორში არაერთი ორგანიზაცია თავისი შინაარსით პოლიტიკურია, თუმცა ოფიციალურად "პოლიტიკური" არაა. მაგალითად, ქართული ორგანიზაცია "სტუდია მონიტორი", რომელიც თავს საგამოძიებო გამოცემას უწოდებს, წლების განმავლობაში აქვეყნებდა ათობით საგამოძიებო მასალას მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მხრიდან სავარაუდო დარღვევების შესახებ. ამაში უკანონო არაფერია, ჟურნალისტებმა უნდა გამოიძიონ საკუთარი მთავრობის საქმიანობა. თუმცა ეს ორგანიზაცია ფინანსდება, მათ შორის, ევროკავშირის წარმომადგენლობის, აშშ-ის საელჩოს და ჯორჯ სოროსის ფონდის მხრიდან. ნიშნავს თუ არა ეს, რომ "სტუდია მონიტორი" ტყუის? არა, ეს აუცილებლად ასე არაა, მაგრამ არც Voice of Europe-ი ავრცელებდა სიცრუეს, როდესაც აქვეყნებდა სტატისტიკას მიგრანტების მხრიდან ძალადობის შესახებ.

ისინი, ვინც საქართველოში მიღებულ კანონს ეწინააღმდეგება, ამბობენ, რომ ვიღაცისგან ფულის აღება არ ნიშნავს, რომ შენ გააკეთებ ყველაფერს, რასაც ისინი მოგთხოვენ. ეს არგუმენტი შეიძლება მივიღოთ მაშინ, როდესაც ამაზე არ ფიქრობ. როდესაც ფული ხელიდან ხელში გადადის, არსებობს მოლოდინი, რომ სანაცვლოდ რაღაც უნდა მიიღო. შესაბამისად, რატომ იწვევს ეს კანონი ასეთ წინააღმდეგობას? თუ იცნობთ ქართულ პოლიტიკას, პასუხიც გეცოდინებათ. დასავლური დაფინანსება არის საქართველოს მოსახლეობაზე გავლენის მოხდენის ერთადერთი საშუალება, იმიტომ რომ ოპოზიცია - რომელიც უთავო ქათამივით იქცევა - ჯამბაზების შოუს წარმოადგენს. ეს უბრალოდ არასერიოზული ხალხია და უცხოური ფულის გარეშე ოქტომბრის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების იმედი არ ექნებოდათ.

ყველაზე გასაკვირი ისაა, რომ კანონის მოწინააღმდეგეები ფაქტობრივად აღიარებენ, რომ დასავლური ენჯეოები "ქართული ოცნების" დამარცხების ერთადერთი საშუალებაა და მათ უნდა მიიღონ უცხოური ფული, რათა ეს მოხდეს. გასაგებია, რომ ოპოზიციას გამარჯვება სურს და მათ იციან, რომ დასავლური ფული მათ ამაში დაეხმარება.

როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" ამ კანონმდებლობის მიღებით უბრალოდ ცდილობს უზრუნველყოს, რომ უცხოურმა ფულმა ვერ შეასრულოს საიდუმლო როლი მათი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში. ისინი არც კი ცდილობენ უცხოური ფულის აკრძალვას: კანონი უბრალოდ მოითხოვს, რომ მათ, ვინც დაფინანსების დიდ ნაწილს იღებენ უცხოური წყაროებიდან, ხალხს აცნობონ, საიდან მოდის მათი ფული.

თუმცა დასავლელი ლიდერები თითქოს შოკირებულები არიან და ვერ ხვდებიან, რატომ სურს საქართველოს ამერიკული FARA-ს კოპირება. არ უნდა გაუკვირდეთ. იმ პანიკის ფონზე, რომელმაც მოიცვა დასავლეთი ბოლო წლების განმავლობაში საგარეო ჩარევის გამო, შეიძლება იმის თქმაც, რომ საქართველომ ეს ჩვენგან ისწავლა", - წერს სტატიის ავტორი.

დღის ამბები