25 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
პრემიერმა მოუწოდა ელჩებს, ახალგაზრდებს, კანონზე საჯარო დისკუსია გაიმართოს, ეს დღემდე ვერ მოხდა, რაც ნიშნავს, რომ სიმართლე "ქართული ოცნების" მხარეს არის - ლევან მაჭავარიანი

პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ მოუწოდა ელჩებს, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია გავმართოთო, ახალგაზრდებსაც მოუწოდა, გამოყავით ათამდე ახალგაზრდა, 2-3 თქვენთვის კომპეტენტური ექსპერტი და გავმართოთ საჯარო დისკუსიაო. მაგრამ ეს შეხვედრები დღემდე ვერ შედგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სიმართლე "ქართული ოცნების" მხარეს არის. მაჭავარიანის განცხადებითვე, უცხოელი პარტნიორები ამბობენ, რომ კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს, თუმცა ვერავინ მოიყვანა არგუმენტი, რა ნაწილში ან რა მუხლში არ შეესაბამება.

"გამჭვირვალობის კანონი მხოლოდ "ენჯეოს" და მედიასექტორს ეხება. ავალდებულებს მხოლოდ დეკლარაციის შევსებას წელიწადში ერთხელ. რას უზღუდავს – არ უზღუდავს აბსოლუტურად არაფერს. რა სანქციები არის ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – არის მხოლოდ ფულადი სანქციები, რომელიც არ ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. განსხვავებით იმ ქვეყნების ჩამონათვალისა და თქვენ ალბათ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, სადაც ეს კანონი უკვე მოქმედებს. საფრანგეთმა მიიღო ახლა და კიდევ მალე მიიღებს კანადა, თურქეთი. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში ეს კანონი ფიზიკურ პირებსაც ეხებათ და ამ ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც. ჩვენ, სამწუხაროდ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი, რატომ არის ეს კანონი ცუდი.

პრემიერ-მინისტრმა, არაერთხელ მოუწოდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩებს, რომ ხალხში არის ჭარბი ინტერესი ამ თემასთან დაკავშირებით, შესაბამისად, გავმართოთ საჯარო დისკუსია, სადაც თქვენ წარმოადგენთ თქვენს არგუმენტებს და ისინი წარმოადგენდნენ ისეთი ტიპის სამართლებრივ არგუმენტებს, რომლებიც ლოგიკური იქნებოდა, ჩვენ აუცილებლად ამას გავითვალისწინებდით კანონის მიღების დროს. სამწუხაროდ, ასეთი ტიპის შეხვედრა ვერ მოხდა. კიდევ იმასაც გაგახსენებთ, რომ ახალგაზრდებსაც მოუწოდა პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ, რომ გამოყავით ათამდე ახალგაზრდა, 2-3 თქვენთვის კომპეტენტურ ექსპერტს და გავმართოთ საჯარო დისკუსიაო. ეს შეხვედრაც დღემდე ვერ შედგა. რაზე მეტყველებს ეს?! - ეს მეტყველებს იმაზე, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები