29 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
"პოზიტიურად ვუყურებთ საკითხს " - უერთდება თუ არა ოპოზიცია პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმას

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციისათვის წარდგენილ სამოქმედო გეგმას, თავად ოპოზიცია აფასებს.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას მოსწონს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული "ქართული ქარტიის" შინაარსი. მათი თქმით, მემორანდუმს შეუერთდებიან.

პარტია "ახალის" თანათავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, არჩევნებზე ოპოზიციური სპექტრის საერთო საარჩევნო სიით წარდგენას არ ემხრობიან, ხოლო ამ ნაწილში, ოპოზიციის აზრი ერთმანეთს ემთხვევა.

"საერთო სია და გეგმა, ორი სხვადასხვა რამ არის. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ განსხვავებული, ეკლექტური ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელიც ქვეყანას ჰყავს, დატოვო არჩევანის გარეშე და ყველანი ერთ საარჩევნო სიაში ვიყოთ მოქცეული. მიხარია, რომ ამ ნაწილშიც ჩვენი მოსაზრებები დაემთხვა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რეფორმებთან დაკავშირებით, საერთო პასუხისმგებლობის აღება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.

"რეფორმების შინაარსი, რაც არის განრიგი, სრულიად სწორია, ეს არის ის, რაც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გვჭირდება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, საერთო პასუხისმგებლობის აღება რეფორმებთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს დოკუმენტი არ ეხება ერთიან სიას, თუმცა ეს დოკუმენტი ეხება ერთიან რეფორმებს და მე ამას მივესალმები", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ლელოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივას პოზიტიურად უყურებენ და პარტია ქარტიას შეუერთდება.

"ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვუყურებთ საკითხს და აუცილებლად შევუერთდებით ამ ქარტიას. ამით საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ ყველა პროევროპულ პარტიას გვაქვს ერთიანი სამოქმედო გეგმა იმისათვის, რომ ქვეყანამ მოახერხოს ევროპულ ოჯახში დამკვიდრება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, დამოუკიდებლობის დღეს, ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი ქარტია სხვადასხვა პუნქტს მოიცავს, მათ შორის, ერთწლიან ტექნიკურ მთავრობას, საარჩევნო, სასამართლო და ძალოვან სტრუქტურებში ძირეულ ცვლილებებს. ასევე, რიგი კანონების, მათ შორის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის " და "ოფშორების" კანონის გაუქმებას.

დღის ამბები