29 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს - ლევან იოსელიანი

ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო [ელისაშვილი] კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს, ერთი წამით არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ვინმეს მოვუწონო საქციელი ჩემი მეგობრობის ან ჩემი ახლობლობის გამო - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ტვ "პირველის" ეთერში განაცხადა.

როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ძალიან კარგად ათვითცნობიერებს მის პასუხისმგებლობას, რომ ყველას სახალხო დამცველია, არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილის, ან მამუკა მდინარაძის.

"ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო [ელისაშვილი] კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს ეგეთი რაღაცის მომხრე არასოდეს ვიქნები, იმიტომ, რომ ვიცი, ყველამ ვიცით ამას რა შედეგები მოჰყვება, მაგრამ ეს რაღაცა სადღაც ხომ უნდა გაჩერდეს? აქეთ ბოლოს და ბოლოს ერთი ადამიანი დგას და იქით - მთელი სახელმწიფოა, აქეთ ერთი დეპუტატია და იქით - მთელი უმრავლესობა. მორევაზე თუ არის, მოერევიან, მაგრამ ეგ არ არის სამართლებრივი სახელმწიფო. ეგ არის მაშინ, ვინც ძლიერია, ხელის გადაწევაზეა ყველაფერი, ეგრე გამოდის.

იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, კანონის ფარგლებში მოხდება ამ ყველაფრის დარეგულირება, მე ამის იმედს გამოვთქვამ, რომ სამართლებრივად მიყვება, ალბათ ალეკოც, ჩვენც მივყვებით სამართლებრივად და სამართლებრივად მოხდეს პასუხისმგებლობის დაკისრება ყველაზე, ვინც ამ პროცესშია დამნაშავე. ერთი წამით არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ვინმეს მოვუწონო საქციელი ჩემი მეგობრობის ან ჩემი ახლობლობის გამო. ძალიან კარგად ვათვითცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას, ძალიან კარგად მესმის, რომ ყველას სახალხო დამცველი ვარ, არც ალეკოსი ვარ მარტო და არც თუნდაც მდინარაძის. ამიტომ, როცა ამ პერსპექტივიდან ვუყურებ ამ ყველაფერს, ერთადერთი არის კანონი, რომელსაც ყველამ უნდა ვცეთ პატივი. აქ სხვა გამოსავალი არ არსებობს. სხვა გამოსავალი როცა მოინახა ამ ქვეყანაში და მონახეს, ეს იყო ბანდებად დაყოფილი ქვეყანა და სამოქალაქო დაპირისპირება. ვიცხოვრე ამ ქვეყანაში, აღარ მინდა იქ დაბრუნება და იმიტომ ვაკეთებ ყველაფერს, რომ ასეთი დაპირისპირება იყოს აღკვეთილი, კანონის ფარგლებში მოქცეული და კანონით იქნეს პასუხი გაცემული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები