26 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
მჯერა, რეგიონში საქართველოს უნიკალური როლის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთო რეგიონულ კეთილდღეობას - ირაკლი ღარიბაშვილი

ცენტრალური აზიის განვითარების რეგიონულ პროგრამას და აზიის განვითარების ბანკს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში განხორციელებულ უამრავ პროექტსა და ღონისძიებაში. ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამის ძირითადი პოლიტიკა ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს რეგიონული ცენტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება მან ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"მოხარული ვარ, მივმართო ყველა თქვენგანს ცენტრალური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის 22-ე ყოველწლიურ კონფერენციაზე თბილისში. 2023 წელს საქართველოს ჰქონდა თავმჯდომარეობის პატივი და რადგან ეს წელი მთავრდება, სიამაყით ვაცხადებ, რომ წარმატებით შევასრულეთ ჩვენზე დაკისრებული მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფო უწყებას და პირს, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში. მალე, 2024 წელს აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას ვუმასპინძლებთ თბილისში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღონისძიება გამორჩეულ პლატფორმად წარმოჩინდება რეგიონული და გლობალური საკითხებისა და შეთავაზებულ გადაწყვეტათა განხილვისთვის. ნება მომეცით, ხაზი გავუსვა ცენტრალური აზიის განვითარების რეგიონული პროგრამის და აზიის განვითარების ბანკის გადამწყვეტ როლს რეგიონული ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში. ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში განხორციელებულ უამრავ პროექტსა და ღონისძიებაში. სასიხარულოა იმის აღნიშვნა, რომ ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამის ძირითადი პოლიტიკა ზედმიწევნით შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს რეგიონული ცენტრი, რომელიც წარმოჩინდება, როგორც გამარტივებული და დაჩქარებული სავაჭრო და სატრანზიტო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის.

იმ პირობებში, როცა შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება, როგორც ტრადიციული მარშრუტების, ტრადიციული და უსაფრთხო ალტერნატივა, მზად ვართ, განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შევუწყოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, შავის ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი. ვაღიარებთ, რომ მრავალი ბარიერი კვლავაც აფერხებს საქონლის, სატრანზიტო საშუალებების და ფიზიკური პირების სწრაფ მოძრაობას ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის ქვეყნებს შორის. შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები. ეს მიდგომა მიზნად ისახავს საქონლის ტრანსპორტირების ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას, ხოლო უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თანმიმდევრული და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველომ წარმატებით შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად.

"მჯერა, რომ რეგიონში საქართველოს უნიკალური როლის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთო რეგიონულ კეთილდღეობას. ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ღირებულებების გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის ინტეგრირებაზე, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებასა და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტურ გამოყენებაზე. ფაქტობრივად, ჩვენი თანმიმდევრული და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველომ წარმატებით შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა და რეგიონული, გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად მოხდა ეს. ზოგიერთი ჩვენი მიღწევის საილუსტრაციოდ, ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით. 10 პროცენტზე მეტი იყო ზრდა 2021 და 2022 წლებში. ჩვენმა მთავრობამ ეს დადებითი ტენდენცია 2023 წელსაც შეინარჩუნა, პირველ 9 ცხრა თვეში 7-პროცენტიანი საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპით, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი ერთ პროცენტზე დაბლა მოაქცია. მთლიანობაში, ეკონომიკა 2012 წლიდან სამჯერ გაიზარდა. 2012 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 27 მილიარდი ლარი იყო, ხოლო 2024 წელს 86 მილიარდ ლარს მიაღწევს. 2023 წლის ბოლოს სულადობრივი მთლიანი შიდა პროდუქტი მოსალოდნელია, 8 000 დოლარს გაუტოლდეს, რაც ნიშნავს, რომ სულ რაღაც სამ წელიწადში ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა.

გარდა ამისა, ჩვენმა საერთაშორისო რეზერვებმა მიმდინარე წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. ვაღიარებთ ენერგიაზე მზარდ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების აუცილებლობას. ამიტომ განახლებადი ენერგიის წყაროებში უახლეს ინიციატივებს ვნერგავთ წყლის, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროების ჩათვლით. ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ინვესტორები, რათა მეტი ელექტროსადგური შეიქმნას და გამოყენებული იქნას საქართველოს უხვი მწვანე ენერგიის პოტენციალი. ასევე, ვმუშაობთ ენერგოეფექტურობის სფეროში პროექტების შესამუშავებლად და მზად ვართ, გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის შესაბამისი პოლიტიკა შევიმუშაოთ, რომელიც თავსებადი იქნება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების დღის წესრიგთანაც. დასასრულს მინდა, ხაზი გავუსვა ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამისა და ამ კონტექსტში დასახული მიზნების განხორციელების შესაძლებლობებს, მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი კონფერენცია წარმატებული და ნაყოფიერი იქნება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს საერთო მისწრაფებას აყვავებული და მდგრადი მომავლისკენ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები