ლათინურ ამერიკაში სამხედრო ესკალაციის საფრთხე იზრდება. საერთაშორისო მედია, ბრაზილიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ქვეყანამ, ჩრდილოეთ საზღვარზე, "თავდაცვითი მოქმედებები გააძლიერა". მიზეზი ბრაზილიის მეზობელ ქვეყნებს - გაიანასა და ვენესუელას შორის ურთიერთობის დაძაბვაა.
"თავდაცვის სამინისტრო სიტუაციას აკვირდება. გაძლიერდა თავდაცვითი მოქმედებები ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრისპირა რეგიონში", - აღნიშნულია ბრაზილიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ვენესუელასა და გაიანას საზღვარზე შეტაკებების ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტსივრცეში ვრცელდება, თუმცა, კადრების ნამდვილობა ჯერ დადასტურებული არაა.
ვენესუელასა და გაიანას შორის ურთიერთობის დაძაბვა ნავთობით მდიდარ რეგიონს - ესეკიბოს უკავშირდება, რომლის ფართობიც გაიანას ტერიტორიის 2/3-ს შეადგენს.