26 ნოემბერი 2024,   01:54
ვრცლად
ევროკომისია წარადგენს პაკეტს “უცხოური აგენტების შესახებ“ – ცვლილებები სამოქალაქო სექტორის შეშფოთებას იწვევს და ევროკავშირს ამ საკითხზე საქართველოსადმი კრიტიკას ახსენებენ

სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები შეშფოთებას გამოთქვამენ ევროკომისიის მიერ შემუშავებული უცხოური აგენტების შესახებ პროექტის გამო, რომელიც უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება, - ამის შესახებ სტატიას Euractiv-ი აქვეყნებს.

სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები აცხადებენ, რომ კანონპროექტმა, შესაძლოა, ევროკავშირის წესები დაარღვიოს.

„სამოქალაქო საზოგადოება ევროპა“, „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა EU“ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ კანონპროექტმა შეიძლება დაარღვიოს ევროკავშირის პირველადი სამართალი, ნეგატიურად აისახოს ეკონომიკურ თავისუფლებებზე და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, როგორებიცაა შეკრების, გამოხატვის, პირად მონაცემთა დაცვის და კონფიდენციალურობის უფლებები.

„მაგალითად, ამან შეიძლება შეზღუდოს ადამიანებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობები, შეიკრიბონ, გამოხატონ აზრი ან ჩაერთონ ადვოკატირებაში“, - აცხადებენ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები.

ისინი მიუთითებენ უნგრეთში დაფიქსირებულ შემთხვევებზე, სადაც სამოქალაქო საზოგადოების წევრები აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ვიქტორ ორბანის მთავრობა იყენებს იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიულ და აკადემიურ თავისუფლებას და LGBTQ+ უფლებებს იცავენ.

ორგანიზაციები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირმა გააკრიტიკა ანალოგიური კანონპროექტები, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში - საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში იყო შემუშავებული.

„მესამე ქვეყნებმა უკვე დაიწყეს ევროპული საკანონმდებლო ინიციატივის გამოყენება საკუთარი ქმედებების გასამართლებლად“, - აღნიშნულია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

„დემოკრატიის დაცვის პაკეტს“, რომლის ნაწილსაც უცხოური აგენტების შესახებ პროექტი წარმოადგენს, ევროკომისია 12 დეკემბერს წარმოადგენს.

ევროკომისიის ოფიციალური პირების თქმით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ევროპული დემოკრატიის დაცვას, რისთვისაც იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკაზე გავლენას ცდილობენ, ფონდების ან მესამე ქვეყნებთან კავშირების შესახებ გამჭვირვალობის ვალდებულებები უნდა დაუწესდეთ.

დღის ამბები