კატეგორიულად არ მომწონს და წინააღმდეგი ვარ ნიკა მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანიის, მაგრამ ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გიორგი ბარამიძემ დაწერა, თუ ამ საკითხში შეუთანხმებლობა სამდივნოსთან შეუთავსებლად მიიჩნევა, მზად არის, თავმჯდომარეს თანამდებობიდან წასვლის თაობაზე მიმართოს.
როგორც ის აღნიშნავს, პარტიის წესდებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს, თუმცა ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას არ იზიარებს.
"ჩემს ენმ თანამებრძოლებსა და მეგობრებს (ალბათ მედიასაც) დააინტერესებთ, რა პოზიცია მაქვს ენმ-ის თავმჯდომარის მიერ ნიკა მელიას მიმართ "ფორმულას" ეთერში გაკეთებულ განცხადებაზე.
უმეტესობამ იგი აღიქვა, როგორც მისი გარიცხვის გადაწყვეტილება, თუმცა ასე პირდაპირ ეს არ თქმულა.
მე მაინც მინდა საჯაროდ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რაც არაერთხელ სხვადასხვა ეთერებში მითქვამს. კატეგორიულად არ მომწონს და წინააღმდეგი ვარ, ნიკა მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანიის, მაგრამ მე ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ.
ენმ-ის წესდებით, ენმ თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს, თუმცა მე არ ვიზიარებ ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. ზოგადად, ცივილიზირებული პარტიული დემოკრატიისთვის და ენმ-სთვისაც აზრთა სხვადასხვაობა უცხო არაა, ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა თავმჯდომარის ან მთლიანად პარტიის გადაწყვეტილებებს (მაგალითად პარლამენტში შესვლაზე) არ ვიზიარებდი, მაგრამ ცხადია, უმრავლესობის აზრს ყოველთვის პატივს ვცემდი. ახლაც ასეა ზუსტად და ამას საჯაროდ ვამბობ.
მე ვიყავი და ვიქნები მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი და ვაპირებ მასთან ერთად ბრძოლას. ენმ არის მიშას გუნდი. ამავდროულად, ენმ-ს ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო, გენერალური მდივანი და სამდივნო.
თუ ჩემი ამ საკითხში პარტიის თავმჯდომარესთან შეუთანხმებლობა, ჩემს ენმ პოლიტიკურ სამდივნოსთან შეუთავსებლად ჩაითვლება, მზად ვარ, თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს ჩემი ამ თანამდებობიდან წასვლაზე მივმართო, ცხადია, ესეც წესდებით მათი უფლებამოსილებაა, რომ გადაწყვიტონ. თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე მას მშვიდად მივიღებ. მეტიც, თუ საჭირო გახდა პოლიტიკურ საბჭოსაც დავტოვებ და ვიქნები ენმ-ის რიგითი წევრი და სანამ ენმ-ს ლიდერი მიშა იქნება, მე ვიქნები მიშას გვერდით, მიშას გუნდში.
ენმ და მიშას გუნდის რიგითი მებრძოლის სტატუსიც ძალიან საპატიოდ მიმაჩნია.
მე მჯერა ენმ-ში ბევრი ძველი მებრძოლი დაბრუნდება და ახლებიც დაგვემატებიან.
მჯერა, მთავარი მიზანი არ დაგვავიწყდება და ფოკუსი არ აგვერევა. მიშასთან ერთად და მიშას ლიდერობით, საქართველო მოღალატეთა რეჟიმისგან უნდა ერთად გავათავისუფლოთ. ესაა მთავარი და ამ ბრძოლაში რიგითად ბრძოლაც საპატიოა.
მე მჯერა ჩვენი გამარჯვების. საქართველოში უნდა გათენდეს!
თავისუფლება მიშას! დიდება საქართველოს," - წერს გიორგი ბარამიძე.