5-ის ნაცვლად 2% - ოპოზიციის ნაწილი კვლავ საარჩევნო ბარიერის დაწევას ითხოვს.
ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ რაც უფრო მეტი პარტია მოხვდება ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ეს სახელმწიფოს განვითარებისთვის უფრო მეტი დადებითი შედეგის მომტანი იქნება.
ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ 5%-იან ბარიერში პრობლემას ვერ ხედავს.
განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ გუნდს. "ქართულ ოცნებაში" ღიად ამბობენ, რომ ბარიერი არ შეიცვლება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. უმრავლესობა ოპოზიციას ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
პარტია საქართველოსთვის წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა და 5%-იან ბარიერს სპეკულაციის მიზნით იყენებს.
"ისინი ავითარებენ შემდეგ ლოგიკას, როგორ აპირებს ის ოპოზიცია ხელისუფლების დამარცხებას, რომელსაც აქვს ბარიერის პრობლემა, ანუ ისინი აპირებენ გაერთიანდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან". ეს არის თაღლითური ნარატივი და ამ ნარატივით ნუ სპეკულირებთ. პარტია "საქართველოსთვის" სახელით, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაზარდონ ისტორიულ მაქსიმუმამდე ბარიერი. ამ ქვეყანას 7%-იანი ბარიერიც ახსოვს, თუ უნდათ გაასამმაგონ. ამ სპეკულაციის არავის არ ეშინია, პირიქით, ამ ყველაფერს იყენებენ შიშის შესანიღბად, რაც რეალურად უკავშირდება მათი კვლევის შედეგებს, ისტორიულ მინიმუმზეა "ოცნების" რეიტინგი", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ისინი ბარიერის დაწევის მომხრეები არიან, თუმცა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმუშაონ მეტი, რათა ამომრჩეველთა მხარდაჭერა გაზარდონ.
"ხელისუფლების პირობა იყო, რომ დაწეულიყო ბარიერი, ვხედავთ რომ ამას არ აპირებენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ქვეყნის დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლა. მხარს ვუჭერთ ბარიერის დაწევას, თუმცა მნიშვნელოვანია, ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ უფრო მეტი აკეთოს საკუთარი ამომრჩევლების გაზრდისთვის, აქტიური პროცესების შექმნისთვის, საკუთარი ბრძოლის პროცესების შექმნისთვის და ის, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერზე არ არის წამსვლელი ამით ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ", - განაცხადა ბოტკოველმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სურთ მომდევნო პარლამენტი იყოს მეტად მრავალფეროვანი, მაშინ ოპოზიციის ნაწილი უნდა გაერთიანდეს.
"ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა გადავხედოთ საკუთარ სტრატეგიას იმიტომ, რომ 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში არ არსებობს შესაძლებლობა, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალფეროვანი, რასაც ითხოვს ჩვენი საზოგადოება, ამიტომ, ვფიქრობ, სტრატეგიაზე გადახედვა და გაერთიანებების შექმნა, რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის შექმნა, იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუ გვინდა, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და მივიღოთ კოალიციური ხელისუფლება", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.