ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფო "ალ-შიფას" სამეთვალყურეო სისტემებით გადაღებული ვიდეო და ფოტომასალა გაავრცელა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მასზე ჩანს, თუ როგორ შეჰყავთ 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლები "ჰამასის" წარმომადგენლებს საავადმყოფოს ტერიტორიაზე.
ამავე დროს, "ცახალი" ავრცელებს კლინიკის ქვეშ გადაღებულ კადრებსაც, სადაც გვირაბი ჩანს. ებრაელი სამხედროების თქმით, კადრები ადასტურებს, რომ "ჰამასი" საავადმყოფოს კომპლექსის შენობებს ტერორისტული ქმედებების დასაფარად იყენებს.
პარალელურად, ღაზის სექტორზე ინტენსიური იერიში გრძელდება. ამავე დროს, ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ლიბანში, "ჰეზბოლას" ტერორისტულ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე საპასუხო იერიში მიიტანეს. მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ "ჰეზბოლამ" ომის დაწყების შემდეგ, ისრაელის მიმართულებით, 1000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.