26 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
ცოტა უხერხულობა მაინც უნდა აკავებდეს ადამიანს, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი - მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა და გაბოროტებული ადამიანის განცხადება - ასე აფასებს მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს. პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა "ლემონდთან" ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა. ამ ინტერვიუში ზურაბიშვილმა ივანიშვილი პირველად მოიხსენია ოლიგარქად. "დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის" - აცხადებს პრეზიდენტი, რომელსაც ამ შეფასებისთვის "ქართული ოცნება" მწვავედ აკრიტიკებს. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაცმოძრაობას" რაც აქვს ყველაზე მდაბიო და გაბოროტებული მესიჯბოქსი, ამაში ჩაერთო სალომე ზურაბიშვილიც.

"ეს არის გზავნილი ქალბატონი სალომეს მხრიდან, რომ ის ჩაერთო ბოლომდე "ნაცების" მესიჯბოქსში. სალომე ზურაბიშვილის განცხადება ჰგავს გაბოროტებული ადამიანის განცხადებას, განსაკუთრებით იმ ადამიანის მიმართ, ვინც განსაკუთრებული როლი ითამაშა მის გაპრეზიდენტებაში.

მე მგონია, რომ ცოტა უხერხულობა მაინც ამ დროს უნდა აკავებდეს ადამიანს. სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი. მიუხედავად ამისა, "ნაცებს" რაც აქვთ ყველაზე მდაბიო "მესიჯბოქსი" პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილზე, ამ გაბოროტებულ "მესიჯბოქსში" ჩაერთო სალომე ზურაბიშვილი.

არ უნდა შევდიოდეთ ალბათ ამ თემაში, მაგრამ თავად შემოვიდა მისი ოჯახის წევრი პოლიტიკაში, როდესაც ოჯახის წევრის მესიჯბოქსი ერთმანეთს ემთხვევა და ეს ორივე ერთად "ნაცების" მესიჯბოქსს ემთხვევა, აქ მემგონი კითხვის ნიშნები არ რჩება," - აცხადებს  მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები