შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ს აქვს დამოუკიდებლად მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ღაზაში მდებარე ალ-შიფას ჰოსპიტალს „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებენ, - ამის შესახებ BBC წერს.
„მათ იქ იარაღი აქვთ შენახული და მზად არიან, უპასუხონ ისრაელის სამხედრო ოპერაციას ამ ობიექტის წინააღმდეგ“, - განაცხადა კირბიმ.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ ღიად ადასტურებს ახლო მოკავშირის, ისრაელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც "ჰამასი" საავადმყოფოებს თავისი ბაზების დასამალად იყენებს.
კირბის განცხადებას წინ უძღოდა საერთაშორისო კრიტიკა ისრაელის მიმართ. თავად აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც გაუსვა ხაზი, რომ "ალ-შიფას საავადმყოფო უნდა იყოს დაცული ინტენსიური ბრძოლებისაგან". დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა კი თქვა, რომ "ისრაელმა უნდა იმოქმედოს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში".
ცოტა ხნის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ალ-შიფაში" სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯარისკაცებმა, სამედიცინო დაწესებულებაში შტურმამდე, კვამლის ყუმბარა გამოიყენეს.