26 ნოემბერი 2024,   01:20
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ჩინეთის ელჩს შეხვდა და განუცხადა, რომ ფრანგულ არხთან ინტერვიუში, სალომე ზურაბიშვილს ჩინეთის პრეზიდენტზე მინიშნება არ ჰქონია - ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა დღეს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პასუხში არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე ან კონკრეტულად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტზე. მთლიანი ინტერვიუ მიმართული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, საქართველოზე და რუსეთზე. შესაბამისად, პრეზიდენტის პასუხი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია LCI-ის ჟურნალისტი დაინტერესდა, რას ფიქრობდა საქართველოს პრეზიდენტი რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების გასამართლებაზე, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, თუმცა ამის იმედი არ აქვს.

ინტერვიუს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორული ურთიერთობა ღრმავდება, პრეზიდენტი, მსგავსი განცხადებებით, ამ პროცესს საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს. 

ინტერვიუს გამოქვეყნებიდან მალევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ჩინელ დიპლომატს შეხვდა და ხაზი გაუსვა, რომ სალომე ზურაბიშვილის რიტორიკა არ ასახავს საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან.

დღის ამბები