ბალისტიკური იარაღით თავდასხმის საფრთხის გამო, ღამით, საჰაერო განგაში უკრაინის რამდენიმე ოლქში ჩაირთო. დაიბომბა ხარკოვი, სადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
უკრაინის დაზვერვა იუწყება, რომ ოკუპირებულ მელიტოპოლში, სამხედრო შტაბ-ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 3 რუსი სამხედრო ოფიცერი დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა, შესაძლოა, თავდასხმების რაოდენობა გაზარდოს და უკრაინამ ყურადღება "ტერორისტებისგან დაცვასა და მათზე რეაგირებაზე უნდა გაამახვილოს".
პარალელურად, გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას აორმაგებს. დასავლური მედია, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ 2024 წელს გერმანია უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს. პროექტი მმართველმა კოალიციამ უკვე დაამტკიცა და სავარაუდოდ, მასზე პარლამენტი მომავალ კვირას იმსჯელებს.
ომის დაწყებიდან დღემდე, გერმანიამ უკრაინას 17 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა.