პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ნებისმიერ წერტილში დაცულები უნდა იყვნენ და ამისთვის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაა საჭირო.
"განა ეს არის მშვიდობა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მამის საფლავზე მიდის სალოცავად, რუსული საოკუპაციო ძალები ზურგში ესვრიან და კლავენ? მშვიდობის მიღწევის ერთადერთი რეალური გზა და იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე ყველგან იყვნენ დაცულები, არის საქართველოს გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, საჭიროა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა გაძლიერდეს და საბოლოო ჯამში, ქვეყნის დეოკუპაცია მოხდეს.
"ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ საფრთხეს, რომელსაც ჰქვია რუსული ოკუპაცია და რომელიც არ არის დასრულებული შედეგი. ის, რომ რუსეთი კლავს, ჩვენ არაერთხელ გვაქვს ნანახი. ამ მოცემულობაში, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არა დასავლეთისგან იზოლაციას შევუწყოთ ხელი, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, არამედ გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა და საბოლოო ჯამში, მოვახერხოთ ის, რომ დეოკუპაცია განხორციელდეს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.