26 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
"ჩამოვედით საქართველოში, რათა შევხვდეთ საქართველოს მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს" - დირკ შუბელი

ჩამოვედით საქართველოში, რათა შევხვდეთ საქართველოს მთავრობის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და განვიხილოთ საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობები, ასევე ვისაუბროთ იმ გზებზე, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს ურთიერთობა, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ შუბელმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვიზიტი, ევროკომისიის მიერ ე.წ. "გაფართოების პაკეტის“ გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე ხორციელდება.

"ჩვენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების საგანგებო დავალებათა ელჩები, ასევე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლები ჩამოვედით საქართველოში, რათა შევხვდეთ საქართველოს მთავრობის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და განვიხილოთ საქართველო- ევროკავშირის ურთიერთობები, ასევე ვისაუბროთ იმ გზებზე, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეს ურთიერთობა, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის საშუალებით. ჩვენ გვჯერა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა, დღეს, კვლავ აქტუალურია და შეიძლება გამოყენებულ იქნას, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, თქვენ უფრო დიდი ამბიცია გაქვთ - გახდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. გვჯერა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ძალიან დაგვეხმარება ამ პროცესში.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ევროკომისიის მიერ ე.წ. "გაფართოების პაკეტის“ გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე, რომელიც მოიცავს ანგარიშს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს შესახებ.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა, რათა ვიხილოთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ამ გზაზე", - აცხადებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ შუბელი.

დღის ამბები