26 ნოემბერი 2024,   01:40
ვრცლად
ვაკის პარკის საქმეზე, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს 3 წლიანი პატიმრობა, ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძეს კი 1.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირი დამნაშავედ სცნო.

მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს 3 წლით, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს კი 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიესაჯა.

გიგაშვილს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე.

„შპს „გრინსერვის პლუსის“ მიმართ სასამართლომ მიიღო უკანონო განაჩენი და ის დოკუმენტები, რომლებიც სიყალბესაც ედავებოდნენ გამოყენებას შპს „გრინსერვის პლუსს“ დედნის სახით არ არსებობს. ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა თავი დაგვეცვა ამ ბრალდებისგან და ჩაგვეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე, მეორე შუალედური ექსპერტიზის დასკვნაც სრულად იყო შესაბამისობაში ტექნიკური ზედამხედველობის აქტებთან, ეს აქტები დღემდე კანონიერია, არავის სადაოდ მათი კანონიერება არ გაუხდია. სამაგიეროდ სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი,“ -  ამბობს ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ არ ელოდა ასეთ მკაცრ განაჩენს და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს. 

„განაჩენი არის მკაცრი. ვაპირებთ გასაჩივრებას და რაც შეეხება ვახტანგ ლონდარიძეს, ამ ნაწილში პირდაპირ ვიტყვი, რომ არ ველოდი ასეთ განაჩენს. არავითარი შემამსუბუქებელი გარემოება სასამართლოს არ მიუღია მხედველობაში,“ – ამბობს ერთ-ერთი ადვოკატი.

პროკურორის განცხადებით, სასამართლო პროკურატურის მიერმოპოვებულ მტკიცებულბებს დაეყრდნო, რომლებიც ერთობლიობაში თითოეული პირის ბრალეულობას ადასტურებდნენ, რაც სასამართლომაც გაიზიარა.

„სასამართლო დაეყრდნო ჩვენს მიერ მოპოვებულ, წარდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ეს იყო მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციები, რაც მათ ჩვენებების სახით დააფიქსირეს სასამართლო პროცესზე. ასევე მთავარი მტკიცებულება ერთ-ერთი ეს არის საინჟინრო და ტრასოლოგიური, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები და ასევე სხვა ის წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, რომლებიც ერთობლიობაში ადასტურებდნენ თითოეული პირის ბრალეულობას, რაც სასამართლომაც გაიზიარა,“ - აცხადებს პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი.

შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშის დროს ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღებისას სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.

ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ 9 პირს სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენებისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.

დღის ამბები