26 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციის მისაღწევად, მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად დიპლომატთა როლი საკვანძოა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართველ დიპლომატსა და ყველა იმ პირს, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე შრომობენ ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის, ქართული დიპლომატიის დღე მიულოცა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, დიპლომატებს პროფესიონალიზმისთვის, პატრიოტიზმისთვისა და თავდადებისათვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ ასპარეზზე წარმატება უსურვა.

"ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ თითოეულ ქართველ დიპლომატს, ყველას, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე დაუღალავად შრომობს ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის.

ამ თარიღს ჩვენ აღვნიშნავთ დიდი საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე ქართული დიპლომატიის ფუძემდებლის − სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება ფასეულობებისადმი, რომელთაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა.

დიპლომატია − დიალოგის, მოლაპარაკებების, თანამშრომლობის, მშვიდობის განმტკიცების ხელოვნებაა და ამდენად, უმთავრესი ინსტრუმენტია იმ გამოწვევათა პირისპირ, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო დგას. ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის უმთავრესი მიზნების - საქართველოს გაერთიანება, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციის მისაღწევად, მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად თქვენი − დიპლომატთა როლი − საკვანძოა.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ მაღალი პროფესიონალიზმისათვის, პატრიოტიზმისათვის, თავდადებისათვის, რითაც ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ამ მისწრაფებათა რეალიზებაში. პირადად ჩემი და მთავრობის სახელით კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ!", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები