26 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
შსს-მ აშშ-ის საელჩოსთან თანამშრომლობით, ინტერპოლით ძებნილი ამერიკის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამერიკის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავა.

დაკავების ორდერი მოიცავს 4 ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე სექსუალური ძალადობა და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოში 2023 წლის აპრილში შემოვიდა. საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა, ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.

ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა, 2023 წლის 27 ივნისიდან, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ, წითელი ცირკულარით გამოცხადდა. ამ დროისთვის დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

დღის ამბები