მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციამ – "მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები" – სასესიო მუშაობა დეკლარაციის მიღებით დაასრულა, რომელიც წარმოადგენს 12-პუნქტიან სახელმძღვანელო დოკუმენტს მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) და აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით იმართება. მასში მონაწილეობენ 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ექსპერტები.
კონფერენციის მუშაობა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ შეაჯამა და იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია საფუძველს ჩაუყრის ბევრ საინტერესო და წარმატებულ თანამშრომლობას.
კონფერენციის მიმდინარეობის პარალელურად, შედგა ორმხრივი შეხვედრები პარტნიორი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებთან, მინისტრების მოადგილეებსა და დელეგაციების ხელმძღვანელებთან; გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტები; განხორციელდა ვიზიტი თბილისის იუსტიციის სახლში, 3 ნოემბერს კი, კონფერენციის დელეგატები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზის გახსნის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას.