აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის დახმარების გაწევის კანონპროექტი მიიღო, თუმცა დემოკრატები აცხადებენ, რომ სენატში მას მხარს არავინ დაუჭერს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სენატის ლიდერმა ჩაკ შუმერმა პალატის კანონპროექტი გააკრიტიკა და მას "ღრმად მცდარი" უწოდა. მისი თქმით, კონგრესის ზედა პალატა, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, მას არ მიიღებს.
დემოკრატებმა ასევე გააპროტესტეს, თუ როგორ არის სტრუქტურირებული რესპუბლიკელების წინადადება. მათი შეფასებით, "ისინი ისრაელისთვის მილიარდების მიწოდებას შიდა შემოსავლების სამსახურის დაფინანსების შემცირებით ცდილობენ, რომელსაც აშშ-ის გადასახადების შეგროვება ევალება".
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ აღნიშნულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს თუ ის ოდესმე მიაღწევს მის სამუშაო მაგიდას.