ისრაელის არმიის წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდ ჰეხტი, CNN-თან, ადასტურებს, რომ ღაზის უდიდეს ბანაკზე იერიში ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიიტანა.
მისივე თქმით, იერიშის სამიზნე „ჰამასის“ მეთაური იყო, რომელიც თავს ლტოლვილთა ბანაკს აფარებდა. „როგორც წესი, ისინი ასე იქცევიან - მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალებიან“, - ამბობს ისრაელის არმიის წარმომადგენელი.
CNN-ის ჟურნალისტმა, ვოლფ ბლიცერმა, ჰეხტს, ბანაკის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის არსებობის შესახებ შეახსენა, რის პასუხადაც, ისრაელის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა: „ესაა ომის ტრაგედია, ვოლფ“.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, იერიშის შედეგად, მოკლეს „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
ღაზის სექტორის ჩრდილოეთით, ჯებალიაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკში, აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 50 ადამიანი.