2023 წლის 9 თვეში, ტურისტებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და თითქმის 3 300 000 000 აშშ დოლარი შეადგინა. ეს მონაცემი 25.9 %-ით აჭარბებს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს. 2022 წელთან შედარებით კი, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 29,2%-ით არის გაზრდილი.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაზრდილია მიმდინარე წლის მხოლოდ მესამე კვარტალშიც- 1, 447, 121, 966 დოლარი. 2019 წელთან შედარებით, ზრდა 28.4%-ია. 72 მილიონით, 5.3%-ით არის მომატებული შემოსავლები 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებითაც. ტურიზმის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი სამიზნე კამპანიები, საქართველოში ტურისტებისა და მათგან მიღებულ შემოსავლებს სამომავლოდ უფრო გაზრდის.
ის ადამიანები, რომლებიც ტურისტული სექტორის მომსახურების სფეროში არიან დასაქმებულები, ტურიზმის ადმინისტრაციისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გატარებული სწორი პოლიტიკის შესახებ საუბრობენ. პირდაპირი ფრენები, ლიბერალური საგადასახადო სისტემა და ბაზარზე ახალი ბრენდების დამკვიდრება, მათი შეფასებით, ტურისტული ნაკადების ზრდასთან პირდაპირ კავშირშია.
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაციას ადმინისტრაცია წლის ბოლოსაც გამოაქვეყნებს.