26 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ომში მყოფი ისრაელის ფინანსური დახმარების საკითხი მწვავე დებატების საგანია აშშ-ის კონგრესში - რა ხდებოდა დღეს სენატის კომიტეტის სხდომაზე

ომში მყოფი ისრაელის ფინანსური დახმარების საკითხი ამ დრომდე მწვავე დებატების საგანია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სადაც ომის მოწინააღმდეგე მოქალაქეები ბანერებით შევიდნენ და სახელმწიფო მდივანს სიტყვა, ყვირილით, რამდენჯერმე გააწყვეტინეს. მოქალაქეების ჯგუფი ენტონი ბლინკენისგან მოითხოვდნენ, ვაშინგტონმა აიძულოს ისრაელი, ღაზის სექტორში ცეცხლი შეწყვიტოს.

უთანხმოებაა კონგრესის ქვედა პალატაში. ადმინისტრაციამ, უკრაინისა და ისრაელის დასახმარებლად, ასევე ჩინეთის ინტერესების შესაკავებლად და საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად, 105 მილიარდი დოლარი მოითხოვა. ქვედა პალატა ამ დახმარებების დამტკიცებას ერთ კანონპროექტში არ აპირებს. სპიკერმა ჯონსონმა მოითხოვა ცალკე დამტკიცდეს ისრაელის დახმარება - 14 300 000 000 დოლარი, თუმცა არა უპირობოდ, არამედ - ფედერალური საგადასახადო სამსახურისთვის დაფინანსების შემცირების ხარჯზე. ამ მიდგომას ძალიან სახიფათოდ მიიჩნევს ადმინისტრაცია და მას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თეთრმა სახლმა განცხადებაც გამოაქვეყნა და კონგრესის რესპუბლიკელები, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიზებაში დაადანაშაულა.

ქვედა პალატაში უკვე მომზადებული აქვთ და ორშაბათს გამოაქვეყნეს კანონპროექტი, რომელიც ისრაელის დახმარებას ეხება, თუმცა, ამ კანონპროექტზე მიბმულია საგადასახადო სამსახურის ბიუჯეტის შემცირების პროექტიც. სპიკერი ჯონსონი ამბობს, რომ უკრაინისა და ისრაელის თემები ცალ-ცალკე უნდა იყოს განხილული. ჯონსონი, რომელსაც სპიკერად არჩევამდე უკრაინის დახმარებისთვის ხმა წინააღმდეგ აქვს მიცემული, მიიჩნევს, რომ უკრაინის დახმარების თანხას მეტი ანგარიშვალდებულება უნდა ჰქონდეს.

დღის ამბები