მმართველი გუნდი, მესამე სექტორს, ოპოზიციასთან ერთად, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილზე, რომელსაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ჯერ კიდევ გუშინ, ამერიკის ახალ ელჩთან ურთიერთობებში მთავარი წინაღობა უწოდა. დღეს, "ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ისიც თქვა, რომ რობინ დანიგანის გზავნილები, ამ კუთხით, მკვეთრად პოზიტიურია, რაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენაა მიმართული.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა", "ღია საზოგადოება - საქართველო", "ისფედი" - ეს იმ ორგანიზაციების არასრული სიაა, რომელთაც ბრალდებაზე პასუხის გაცემა არ ისურვეს. ხელისუფლებას დღეს მხოლოდ ნაზი ჯანეზაშვილი გამოეხმაურა. ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგის" დირექტორმა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მმართველ პარტიას დააკისრა.
არასამთავრობოების პოზიციის დაცვა, დღეს, საკუთარ თავზე "ნაცმოძრაობამ" და "სტრატეგია აღმაშენებელმა" აიღეს. პოლიტიკური პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების კეთილსინდისიერ მიზნებში დარწმუნებულნი არიან.
კოლეგებისგან განსხვავებით, საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილი არ გამორიცხავს, რომ, მმართველი გუნდის დასაზიანებლად, მესამე სექტორის ნაწილი მართლაც მოქმედებდეს. მათი თქმით, თუ ამერიკის ახალ ელჩს ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადაყვანა სურს, არასამთავრობოების ქმედება არა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას დააზარალებს.
არასამთავრობოებს რომ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ, ამაში მმართველ გუნდს ეჭვი არ ეპარება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ, ოპოზიციის მსგავსად, ე.წ. მდიდარი ენჯეოები, სტრატეგიულ პარტნიორობას მხოლოდ პირადი ინტერესების ჭრილში აღიქვამენ. საპარლამენტო უმრავლესობაში იმედი აქვთ, რომ ელჩის პოზიტიური დღის წესრიგი, არასამთავრობოების მცდელობის მიუხედავად, უცვლელი დარჩება.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე, რობინ დანიგანმა კელი დეგნანი რამდენიმე კვირის წინ შეცვალა. მმართველი პარტიის ინფორმაციით, დიპლომატი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მზაობას ღიად ადასტურებს.