26 ნოემბერი 2024,   01:57
ვრცლად
ქალების შეურაცხმყოფელი რეპლიკები პარლამენტის სხდომათა დარბაზში და ირაკლი ბერაიას ბოდიში - რა ხდებოდა დღეს საკანონმდებლო ორგანოში 

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს საჯარო ბოდიშის მოხდა შეურაცხმყოფელი განცხადების გამო მოუწია. მიზეზი ირაკლი ბერაიას პასუხის შინაარსი გახდა, რომელიც მან სესიაზე ოპოზიციონერ კოლეგას გასცა. კამათის თემა ოჩამჩირის პორტთან დაკავშირებული რეზოლუციის არმიღება იყო.

ბერაიას ამ განცხადების შემდეგ, აქუბარდიასთან ერთად, სხდომა სხვა ოპოზიციონერმა ქალებმაც დატოვეს. დარბაზში მომხდარი, საგანგებო ბრიფინგზე დაგმეს და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დისკრიმინაციასა და გენდერულად მოტივირებულ ძალადობრივ კამპანიაში დაადანაშაულეს. მომხდარს მიუღებელი უწოდა "ქართული ოცნების" ქალმა დეპუტატმაც, ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის გამოხატვის მსგავსი ფორმა მიუღებელია და მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის წინაპირობა.

სხდომაზე განვითარებული მოვლენების გარკვევას საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის ნაწილი დარბაზს მიღმაც ცდილობდა.

”ვერბალური ძალადობა” - სწორედ ასე შეაფასეს ხელისუფლების ოპონენტებმა სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტი. მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებით კი, ნებისმიერი მხრიდან, სიტყვიერ შეურაცხყოფას რეაგირება ყოველთვის მოჰყვება და კოლეგებს ურჩიეს, ამ თემის საკუთარი ინტერესისთვის გამოყენებაზე უარი თქვან.

დღის ბოლოს, ოპოზიციის ნაწილმა, სხდომაზე, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის საკითხიც დააყენა.

ირაკლი ბერაიასა და თეონა აქუბარდიას შორის მომხდარი ინციდენტის თავიდან არიდების პრევენციას, საპარლამენტო უმრავლესობაც და ოპოზიციაც, ეთიკის დაცვაში ხედავს.

დღის ამბები