დაპირისპირება იყო გარდაბნის საკრებულოში - სიტყვიერი კამათი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დაშავდა პარტიის წევრი აკიფ ისმაილოვი, რომელიც რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის მოსანახულებლად პარტიის თავმჯდომარე და წევრები თბილისიდან რუსთავში გაემგზავრნენ.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება სახელმწიფოს კუთვნილი ფართების გასხვისების შესახებ ბრალდებას მოჰყვა - ოპოზიციამ მმართველ გუნდი არამიზნობრივ გარიგებებში დაადანაშაულა.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აკიფ ისმაილოვმა სკოლის ტერიტორიის გასხვისება გააპროტესტა, რის გამოც, საკრებულოს სხვა წევრები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ხაბეიშვილის თქმით, ყველანაირ ძალადობას ემიჯნებიან, თუმცა, თუ საჭირო გახდება, შესაბამის პირებს პასუხს გასცემენ.
"სკოლის ტერიტორიის ნაწილს ასხვისებდნენ, მაგრამ საკრებულოს ჩვენმა წევრებმა, მოსახლეობასთან ერთად, გააპროტესტა. ამიტომ, დაბოღმილები, თავს დაესხნენ საკრებულოს ჩვენს წევრს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცხადია, ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, თუ საჭირო გახდება, ხელებსაც მივატეხავთ საკრებულოს წევრებს, რომლებიც კანონს არაფრად არ აგდებენ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.