26 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
ალყა ვიწროვდება, ისრაელის ტანკები უკვე ქალაქ ღაზასთან არიან - თელ-ავივი ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა სახმელეთო ოპერაციის მასშტაბი გაიზარდა

ალყა ვიწროვდება, ისრაელის ტანკები უკვე ქალაქ ღაზასთან არიან. ანკლავი შუაზეა გაყოფილი, ღაზის სექტორის მთავარი მაგისტრალი დავითის ვარსკვლავიანი საბრძოლო ჯავშანტექნიკით არის გადაკეტილი. ჩრდილოეთიდან სამხრეთ ღაზაში გადასვლა კი უკვე შეუძლებელია.

თელ-ავივი ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს, თუმცა ფაქტია, რომ სახმელეთო ოპერაციის მასშტაბი გაიზარდა.

სარაკეტო იერიშებს დაემატა ტანკები, ჯარი, საინჟინრო და საარტილერიო დანაყოფები. ცხადი ხდება, რომ სულ მალე შეტაკებების მთავარი ეპიცენტრი ქალაქი ღაზა გახდება.

"ცაჰალი"აცხადებს, რომ მხოლოდ წუხელ ღაზის ჩრდილოეთით "ჰამასის" ათობით მებრძოლი გაანადგურა, მათ შორის არიან ტერორისტული დაჯგუფების: სამხედრო საზღვაო ძალებისა და ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფის მეთაურები. ისრაელის არმია ასევე ადასტურებს, რომ განადგურებულია იარაღის საწყობები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების დისლოკაციის წერტილები.

ბოლო რამდენიმე დღეში "ცაჰალმა" 600-ზე მეტ ტერორისტულ ობიექტზე მიიტანა იერიში და ანკლავში თითქმის 4 კილომეტრით წაიწია წინ.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ ლიბანის მხრიდან სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ისრაელის მისამართით. ამ ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა "ჰესბოლამ" აიღო. "ცაჰალში" აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში "ჰესბოლას" უმკაცრეს პასუხს გასცემენ.

ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ღაზის სექტორი რჩება. ღაზის სექტორისა და ისრაელის საზღვრისპირა 16 კილომეტრიან ზოლს ისრაელის შეიარაღებული ძალები უკვე სრულად აკონტროლებენ. ისრაელის ქვედანაყოფებმა დაამყარეს სრული კონტროლი რამდენიმე მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტზე. ცნობილია ისიც, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და სამხრეთთან დამაკავშირებელი ერთადერთ საავტომობილო გზას სრულად აკონტროლებს ისრაელის სამხედრო ქვედანაყოფები.

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე

დღის ამბები