26 ნოემბერი 2024,   01:32
ვრცლად
რუსთავის მერი საკრებულოს ოპოზიციას 100 მილიონიანი საინვესტიციო პროექტის გაჩერებისთვის სასამართლოში უჩივის

რუსთავის მერი საკრებულოს ოპოზიციას 100 მილიონიანი საინვესტიციო პროექტის გაჩერებისთვის უჩივის. ნინო ლაცაბიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და პარტია "საქართველოსთვის" პროექტს რეგლამენტის დარღვევით, მიზანმიმართულად აფერხებენ, არ იხილავენ მას და დასაბუთების გარეშე დოკუმენტაციას მერიას უკან უბრუნებენ. ამ ფორმით კი, ლაცაბიძის თქმით, ოპოზიცია ქალაქის განვითარებას აფერხებს. 

მრავალმილიონიანი საინვესტიციო პროექტის შეფერხების მიზეზად "ნაციონალური მოძრაობა" და გიორგი გახარიას პარტია, სამშენებლო ხარვეზებს ასახელებს. საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პარტია "საქართველოსთვის" წევრია, ამბობს, რომ სამშენებლო პროექტი კომისიაზეც არ განხილულა. რუსთავის საკრებულოს ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ საკუთარი არგუმენტები ოქმში ჩაწერეს და ამ რეკომენდაციების შესრულების მოტივით, საინვესტიციო პროექტი მერიას უკან დაუბრუნეს. შესაბამისად, მათთვის ნინო ლაცაბიძის ბრალდებები გაუგებარია.

საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრების მტკიცებით, ოპოზიცია ოქმში პროექტის შეფერხების მიზეზებს არასდროს ასახელებს. ახლა კი, მათი თქმით, ოპონენტები მხოლოდ ხელოვნური ბარიერების შექმნას ცდილობენ, რათა ქალაქის განვითარება შეაფერხონ და ამით პოლიტიკური ქულები დაიწერონ. საკითხი შეფასების საგანი საკანონმდებლო ორგანოშიც გახდა, სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები რეგლამენტს უხეშად არღვევენ.

პროექტი, რომელიც უკვე 6 თვეა შეფერხებულია, 100 მილიონიან ინვესტიციას მოიცავს. რუსთავში სამშენებლო კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის განაშენიანებას და პარალელურად, შექმნის არაერთ სამუშაო ადგილს.

რუსთავის მერიამ სარჩელით სასამართლოს 27 ოქტომბერს მიმართა. მერიაში აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო საკრებულოს ოპოზიციის მხრიდან დარღვევას დაადგენს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსთავის საკრებულო მერიის ინიციატივებს აფერხებს. 100 მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას რუსთავის მუნიციპალიტეტი უკვე რამდენიმე თვეა გეგმავს, პროექტი საკრებულოს გადაეგზავნა, თუმცა, მისი განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა. 

დღის ამბები