26 ნოემბერი 2024,   02:03
ვრცლად
ტრეფიკინგი 21-ე საუკუნეში - მამაკაცს, რომელიც ცოლსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს მათხოვრობას აიძულებდა, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია 48 წლის მამაკაცი, რომელიც საკუთარ ცოლს ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა, უარის შემთხვევაში კი ქალს ფიზიკურად უსწორდებოდა. მაშინ, როდესაც ცოლი ბათუმის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, ქმარი სლოტ კლუბებში თამაშობდა. ფარულ ჩანაწერებში კარგად ჩანს, თუ როგორ ხარჯავს ვუგარ ალირზაევი ცოლის მიერ მოწყალებით ნაშოვნ თანხას სლოტ კლუბებში.

ცოლთან ერთად ბრალდებულის მხრიდან ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირიც, რომელიც მეტი თანხის გამომუშავების მიზნით, ტრეფიკიორმა სპეციალურად თბილისიდან ქუთაისში ჩაიყვანა. ვუგარ ალირზაევი ეტლით მოსარგებლე კაცს მონობასთან გათანაბრებულ პირობებში ამყოფებდა და იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დადგენილ თანხას არ მიუტანდა, აგინებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა. ალირზაევს პოლიციამ ხელბორკილები ქობულეთში, ნაქირავებ სახლში დაადო.

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეპატრონეს ტრეფიკინგის საქმეზე საუბარი არ სურს. "კურიერის" ინფორმაციით, სწორედ აქ ჰქონდა ოთახი ნაქირავები მამაკაცს, რომელსაც ბრალი შრომითი ექსპლუატაციის მუხლით წარუდგინეს. გამოძიებით ირკვევა, რომ ქალი, რომელსაც ვუგარ ალირზაევი ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდა, ბათუმში ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე თითქმის ყოველდღიურად ითხოვდა მოწყალებას. თუ დღის ბოლოს დადგენილ თანხას ქმარს არ მიუტანდა, მას მეუღლე სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა.

ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატი "კურიერთან" ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს.

ვუგარ ალირზაევს ბრალი ადამიანებით ვაჭრობის მუხლით აქვს წარდგენილი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები