26 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი "ვივამედის" კლინიკიდან დივერსიულ ჯგუფებსა და მოსალოდნელ არეულობაზე საუბრობს - როგორ ეხმაურებიან ექსპრეზიდენტის განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში

"დივერსიაზე ვინ, ვინ და მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქვეყანაში კონტეინერით შემოიპარა, არ უნდა საუბრობდეს," - პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადების ადრესატი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო გახდა. მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენით საკუთარი გეგმების დამალვას ცდილობს.

არეულობის პირობებში ხელისუფლების ხელში აღების და შესაძლო დესტაბილიზაციაზე "ვივამედის" პალატიდან მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურ რეჟიმში ჩართვის დროს ისაუბრა. სხდომა, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს უკავშირდებოდა, ექსპრეზიდენტმა საქართველოში დივერსიულ ჯგუფებზე საუბრისთვის გამოიყენა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტისთვის საფრთხეს სპორტული აღნაგობის პირები წარმოადგენენ.

საკუთარი ლიდერის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე დეტალებს არ ფლობენ "ნაციონალურ მოძრაობაში". სააკაშვილის თანამოაზრეებმა დღეს კიდევ ერთხელ სცადეს ეს შესაძლებლობა გამოეყენებინათ და პატიმართან შესვლის უფლება მიეღოთ.

პარტიების უმრავლესობა მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის განცხადების სიზუსტეს ეჭვქვეშ აყენებს. ყურადღების ცენტრში ყოფნა - ეს სურვილი დაინახა ოპოზიციის ნაწილმა სააკაშვილის განცხადების მიღმა.

ვის ინტერესშია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და არეულობა - მმართველი პარტია დიდი ხანია საუბრობს, რომ ამ სცენარით პროცესების განვითარების მსურველები სწორედ "ნაციონალურ მოძრაობაში" და მათ პარტნიორ პარტიებში არიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელისუფლების არაკანონიერი გზით შეცვლის საფრთხეზე კონკრეტული მასალები რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა.

მმართველი ძალა ოპონენტებს ჯანსაღი ოპონირებისკენ მოუწოდებს. სახელისუფლებო პარტია ოპოზიციას ურჩევს ნებისმიერი მათი გეგმა კონსტიტუციის ჩარჩოს არ გასცდეს.

დღის ამბები