26 ნოემბერი 2024,   01:55
ვრცლად
ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება თუ საკუთარი რეიტინგი - რა აღელვებს ოპოზიციას და რატომ შეიცვალა რიტორიკა პოზიტიური მოლოდინების ფონზე

ოპოზიციას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალს სრულად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს უკავშირდება, დღეს პოზიცია შეცვლილი აქვს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ბრიუსელის სავარაუდო პოზიტიურ გადაწყვეტილებას ახლა ტექნიკურ შესაძლებლობას უწოდებენ. ამბობენ, რომ სტატუსმა კანდიდატი ქვეყნების უმრავლესობას თვალსაჩინო სარგებელი ვერ მოუტანა.

ევროინტეგრაციის გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯს პირდაპირ ხელისუფლების რეიტინგს უკავშირებს "ლელო". პარტიაში არ მალავენ, რომ განსხვავებულ პოლიტიკურ ვითარებაში, "ოცნებას" სტატუსის მოპოვების პროცესში ხელს შეუშლიდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობიდან ოპონენტებს დღეს კონსტიტუციის 78-ე მუხლი შეახსენეს, რომელიც ევროინტეგრაციის სავალდებულო ხელშეწყობას განსაზღვრავს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ ხათუნა სამნიძისა და ხატია დეკანოიძის აღიარებამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ქმედებები ბრიუსელში სტატუსის წინააღმდეგ უფრო ნათელი გახადა. მათი თქმით, ოპონენტების კარდინალურად შეცვლილი რიტორიკაც ადასტურებს, რომ ოპოზიცია მხოლოდ პერსონალური ინტერესებით მოქმედებს.

სახელისუფლებო გუნდის მსგავსად, კოლეგების მიმართ კრიტიკული განცხადებები ოპოზიციაშიც გაკეთდა. ნაწილი კოლეგებს პოლიტიკურ პოპულიზმში ადანაშაულებს, მეორე ნაწილი კი ევრორეკომენდაციების შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარს ახსენებს.

"ოცნება" კიდევ ერთხელ ასახელებს იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვინც, მათი თქმით, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემის გადავადებას ითხოვდნენ. ესენი, მმართველი გუნდის მტკიცებით, "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" არიან. პოლიტიკოსების აზრით, შეცვლილი რიტორიკა და სტატუსის გაუბრალოების მცდელობა ადასტურებს, რომ ოპოზიციას სავარაუდო უარზე დაფუძნებული დესტაბილიზაციის გეგმა ჩაუვარდა.

ევროკომისია და ევროპული საბჭო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის ბოლომდე გამოაცხადებს, ერთ კვირაში კი ბრიუსელის 12-პუნქტიანი დავალების შესრულების შესახებ შუალედური დასკვნა გასაჯაროვდება.

დღის ამბები