26 ნოემბერი 2024,   01:19
ვრცლად
როგორც კი წარმატებული პროექტი სახეზეა, ბევრი გამოჩნდება ხოლმე, ვისაც ეს არ უხარია და ცდილობს დისკრედიტაციას - ჯანდაცვის მინისტრი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობაზე

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით ვერ სარგებლობენ. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა მიმართვა დააკმაყოფილა.

"ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დავიწყეთ. სამწუხაროდ, როგორც კი წარმატებული პროექტი სახეზეა, ძალიან ბევრი გამოჩნდება ხოლმე ამ ქვეყანაში, ვისაც ეს არ უხარია და სხვადასხვა გზებით ცდილობენ პროექტის დისკრედიტაციას. ამ დისკრედიტაციის გამო, ჩვენ პასუხის გაცემაც კი მოგვიწია დღეს. რასაკვირველია, ეს არის სრული დეზინფორმაცია. არანაირი მსგავსი შემთხვევა მიმდინარე წელს არ ყოფილა.

მოგეხსენებათ, ჩვენ 3 ქვეყანაში ვთავაზობთ ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობას: ისრაელში, თურქეთსა და ესპანეთში. არცერთი მომართვა არ ყოფილა დაკმაყოფილების გარეშე. დღესაც 13 პაციენტი მკურნალობს ამ 3 ქვეყნის სხვადასხვა კლინიკაში და არანაირი შეფერხება ან უარი ჩვენი მხრიდან არ ყოფილა. სამწუხაროდ, სიუჟეტები, რაც გავრცელდა, იყო მხოლოდ მშრალი ინფორმაცია, არანაირი ინფორმაცია პაციენტის შესახებ ან როდის მოგვმართა, მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩვენ საფრანგეთში ჩვენს საელჩოსაც მივმართეთ და არც იქ ყოფილა მსგავსი შინაარსის მიმართვა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვთ იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოხატონ," - განაცხადა აზარაშვილმა.

დღის ამბები