ახლო აღმოსავლეთში ომის 24-ე დღეა. ღაზაში მსხვერპლის რაოდენობა 8000-ზე მეტია, დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვები, ქალები და მოხუცები არიან. დაშავებულთა რაოდენობა კი 20 ათასს სცდება.
ღაზაში, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საჰაერო დარტყმები გრძელდება, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, განადგურებულია "ჰამასის" ტანკსაწინააღმდეგო პოზიციები და მოკლულია ათობით პალესტინელი ტერორისტი. მათივე ინფორმაციით, ანკლავში 239 ადამიანია მძევლად აყვანილი.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ სიტუაციას, ისრაელის ინფორმაციით, ანკლავში ნაწილობრივ განახლდა წყლის მიწოდება.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებმა, სირიიდან გაშვებული რაკეტების საპასუხოდ, იერიში მიიტანეს დარას მახლობლად - სამხედრო ინფრასტრუქტურაზე.
არეულობა იყო დაღესტნის აეროპორტში, მახაჩკალას აეროდრომზე პრო-პალესტინელები შეიჭრნენ. ასობით აქტივისტი ისრაელიდან დაგეგმილ რეისს აპროტესტებდა და ლტოლვილებზე თავდასხმას გეგმავდა. დემონსტრაციისას დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის - სამართალდამცველებიც. პროტესტის გამო, თელ-ავივიდან გამოფრენილი თვითმფრინავი, მახაჩკალას ნაცვლად, ალტერნატიულ აეროდრომზე დაეშვა.