26 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
"გაერომ დაკარგა სანდოობა. ჩვენ ვხედავთ როგორ იღებს ცალმხრივ რეზოლუციებს... ტერორისტული ორგანიზაცია მოსახლეობას უმალავს საკვებს, მედიკამენტებს" - როგორი იქნება ისრაელის პასუხი თუ "ჰეზბოლა" აქტიურ ომში ჩაერთვება - "კურიერი P.S."-ის ინტერვიუ ჰადას მეიცადთან

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ "ჰეზბოლა" აქტიურ ომში ჩაერთვება და როგორი იქნება ისრაელის პასუხი? - როგორ ხედავს საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი კონფლიქტის გადაწყვეტას ტერორისტებთან და როგორ აფასებს დიპლომატი გაეროს პირველ რეზოლუციასა და მსოფლიოს რეაქციას.

"კურიერი P.S." ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰადას მეიცადის ესაუბრა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

გაერომ ომის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ პირველი რეზოლუცია მიიღო. 120 ქვეყანა ითხოვს, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი და დაიდოს ჰუმანიტარული ზავი ისრაელსა და ჰამასს შორის და ხელმისაწვდომი გახდეს დახმარება ღაზას სექტორში. რატომ არის ეს მიუღებელი ისრაელისთვის?

"სამწუხაროდ, გაერომ დაკარგა სანდოობა. ჩვენ ვხედავთ როგორ იღებს გაერო ცალმხრივ რეზოლუციებს. ასე მოხდა ახლაც გენერალურ ასამბლეაზეც. იყო მცდელობა რეზოლუციაში შეგვეტანა ცვლილებები - დაგვემატებინა პუნქტი, რომელიც დაგმობდა "ჰამასს" და 7 ოქტომბრის სასტიკ თავდასხმას. არაბული ჯგუფისთვის. რა თქმა უნდა. ეს მიუღებელი იყო. ეს არის თვალთმაქცობა. როდესაც ერთი მხრივ რეზოლუცია საუბრობს ცეცხლის შეწყვეტაზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე და მეორე მხრივ უარს ამბობს იმის აღიარებაზე. რომ "ჰამასი" არის ზუსტად ის. რაც "აისისი." რეზოლუცია, რომელიც გმობს მხოლოდ ისრაელს და არაფერს ამბობს "ჰამასის" ქმედებებზე, მსგავსი რეზოლუცია იმ ფურცლის ფასიც კი არ არის, რომელზეც დაიწერა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველომ მხარი არ დაუჭირა ამ რეზოლუციას," - ამბობს ჰადას მეიცადი.

ეს რეზოლუცია არაბული სახელმწიფოების ინიციატივა იყო, შეიძლება ეს შეფასდეს როგორც მათი გამარჯვება დიპლომატიურ ასპარეზზე?

"არ მგონია, რომ ეს მათი გამარჯვება იყოს. 35 წელი ვმუშაობდი გაეროში, ყოველწლიურად ისრაელის საწინააღმდეგოდ 20-ზე მეტ რეზოლუციას იღებენ. მაგრამ ეს მხოლოდ რიცხვებია. ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, თუ რა ხდება რეალურად. არ მგონია ვინმემ სერიოზულად უნდა აღიქვას რეზოლუცია, რომელიც არ გმობს ტერორისტული ორგანიზაციის სასტიკ მოქმედებებს. როგორ შეიძლება იყო სანდო ორგანიზაცია და არ გმობდე 1400 ებრაელის წამებას, მკვლელობას, რომელიც ზუსტად 3 კვირის წინ მოხდა?! - არანაირი გამარჯვება არ შეიძლება იყოს ასეთი ცალმხრივი რეზოლუციის მიიღება," - აცხადებს საქართველოში ისრაელის ელჩი.

ჩვენ ვისაუბრეთ დიპლომატიურზე ომზე გაეროში, მიმდინარეობს სახმელეთო ომი, საინტერესოა, რა ხდება საინფორმაციო ომის მიმართულებით, მედია აქტიურად აშუქებს მრავალრიცხოვან აქციებს სხვადასხვა ქალაქებში. ადამიანები ამბობენ, რომ შემზარავია იმ კადრების ყურება, რომელიც ღაზის სექტორიდან მოდის. ჩნდება განცდა, რომ ომის პირველი კვირისგან განსხვავებით, მესამე კვირას თითქოს მორალური უპირატესობა პალესტინელების მხარეს არის?

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. მოდით დავიწყოთ საინფორმაციო ომით. ამის ძალიან კარგი მაგალითია 2 კვირის წინ, ჩრდილოეთ ღაზაში საავადმყოფოზე მომხდარი თავდასხმა, რომელსაც "ჰამასი" ისრაელელ სამხედროებს აბრალებდა. 3 საათის განმავლობაში ტერორისტები საუბრობდნენ ასეულობით დაჭრილ და გარდაცვლილ ადამიანებზე. ჩვენ, ისრაელის მხარეს, პირველი რამდენიმე საათი არ გაგვივრცელებია არანაირი ინფორმაცია. იმიტომ კი არა, რომ ეჭვი შეგვეპარა შემთხვევით საავადმყოფო ხომ არ დავბომბეთ, არა. ისრაელი არ ბომბავს საავადმყოფოებს, ჩვენი სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტებია. ჩვენ გვინდოდა დარწმუნება, რომ საავადმყოფოზე მომხდარს არავითარი კავშირი არ ქონია ჩვენს სამხედრო ოპერაციასთან. 3 საათის შემდეგ ჩვენ გავავრცელეთ კადრები, სადაც ნათლად ჩანდა, რომ პალესტინური ჯიჰადის რაკეტა ჩამოვარდა ღაზის საავადმყოფოში, რომელიც ისრაელისკენ იყო მიმართული. ეს არის მეორე ტერორისტული ორგანიზაცია, ვისთანაც "ჰამასი" თანამშრომლობს. ჩვენ ასევე გავავრცელეთ "ჰამასის" ტერორისტებს შორის სატელეფონო საუბარიც, სადაც ისინი აღიარებენ, რომ საავადმყოფოს სწორედ მათი რაკეტა მოხვდა. ეს ფაქტი იყო ერთგვარი გამოფხიზლება ისეთი მედია საშუალებების, როგორიც არის "ბიბისი" და "ნიუ იორკ თაიმსი". ისინი "ჰამასის" ვერსიას მიიჩნევენ სანდო წყაროდ, იმ "ჰამასის", რომელმაც დახოცა ბავშვები და მშვიდობიან მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდა. როგორ შეიძლება ენდო ტერორისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას? - ძალიან მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, ვინ არის ინფორმაციის გავრცელების წყარო.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, მე ვფიქრობ, რომ ინფორმაციის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე. თითქოს ხდება ერთგვარი რომანტიზება, რომ აქციის მონაწილეები სუსტი მხარის პოზიციებს იზიარებენ. მე ვფიქრობ, ეს ადამიანები ვერ ხვდებიან და ვერ აცნობიერებენ, რომ რეალურად "აისისის" მხარეს დგანან. ვის უჭერთ მხარს? - ადამიანებს, ვინც 15 წლის გოგოები გააუპატიურეს და შემდეგ დახოცეს? ეს არის ის, რაც მათ გააკეთეს. კიდევ ერთხელ, ეს ხდება ინფორმაციის ნაკლებობის გამო და რიგ შემთხვევაში საქმე გვაქვს ანტისემიტიზმთან," - აღნიშნავს ელჩი.

რა ინფორმაცია გაქვთ "ჰამასის" მძევლების გათავისუფლების შესახებ, როგორ მიდის ეს პროცესი?

"3 კვირა გავიდა სისხლიანი თავდასხმის შემდეგ და ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია. ბოლო მონაცემებით, ტყვეების რაოდენობა 229 არის, თუმცა ეს არ არის ზუსტი რიცხვი. მცდელობის მიუხედავად, წითელი ჯვარი ვერ შევიდა ჯერჯერობით ზუსტი მონაცემების დასადგენად. ჩვენი ინფორმაციით, ტყვეების ერთი მესამედი ბავშვია. მათ შორის 10 თვის ბავშვი, მის 4 წლის ძმასთან ერთად - მათზეც არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს," - აცხადებს ჰადას მეიცადი.

მინდა გკითხოთ "ცახალის" მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც უდიდესი საავადმყოფო შიფა არის ნაჩვენები - შეგიძლიათ, რომ გვითხრათ მეტი?

"ჩვენ ვიცით, რომ ღაზის სექტორის მიწისქვეშ არის საიდუმლო გვირაბების მთელი ქსელი- მეტრო, სადაც ტერორისტები მუშაობენ. მათ აქვთ მომარაგებული ნახევარი მილიონი ლიტრი საწვავი, რომელსაც ამ გვირაბების ფუნქციონირებისთვის იყენებენ - ელექტროენერგიისთვის, ვენტილაციისთვის. ერთის მხრივ, "ჰამასი" ამბობს, რომ ღაზაში არის ჰუმანიტარული კრიზისი. მეორეს მხრივ კი, ტერორისტული ორგანიზაცია ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას უმალავს მარაგებს - საწვავს, საკვებს და მედიკამენტებს. ამ ყველაფერს რეალურად ომის წარმოებისთვის ინახავს.

დღეს "ნიუ იორკ თაიმსის" სტატია გამოქვეყნდა, საიდანაც ირკვევა, რომ არაბულ და დასავლურ ქვეყნებს აქვთ მტკიცებულებები ამ მარაგების შესახებ. "ჰამასის" ცინიკურობის დასადასტურებლად კიდევ ერთი ფაქტი მინდა მოვიყვანო. ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ "ჰამასი" საავადმყოფოებს და სკოლებს ფარად იყენებს, მაგრამ ცაჰალმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელიც ისრაელისთვის დიდი ხნის წინ იყო ცნობილი, შიფა არის ყველაზე დიდი საავადმყოფო ღაზაში, შიფა არაბულად მკურნალობას ნიშნავს. დიდი ხანია "ჰამასისთვის" ის მთავარი შტაბ-ბინაა! მის ქვემოთ ტერორისტები მიწისქვეშა გვირაბებს აშენებენ! ზუსტად ამ ადგილიდან იგეგმება და ხორციელდება ტერორისტული აქტები. 7 ოქტომბრის სისხლიანი თავდასხმის შემდეგ, 100-ობით ტერორისტმა თავი საავადმყოფოს შეაფარა. ჩვენ ასევე გავასაჯაროვეთ ჩანაწერები ტერორისტების, სადაც ისინი პირდაპირ აღიარებენ, რომ შიფა ეკუთვნის "ჰამასს." მიზეზი, რატომაც ეს გავასაჯაროვეთ, არის ის, რომ დაინახოს მსოფლიომ ტერორისტების რეალური სახე! ჰალიდ მაშალი, რომელიც "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერია და რომელიც დოჰაში, ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრობს, სინანულით საუბრობს გარდაცვლილ ბავშვებზე და ქალებზე, მაშინ, როდესაც საკუთარ ხალხს ისინი ცოცხალ ფარად იყენებენ," - ამბობს ელჩი.

ამ პერიოდის განმავლობაში მოვისმინეთ ბრალდებები ისრაელის მისამართით. ისრაელს ადანაშაულებენ ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნაში ღაზას სექტორში - როგორ ფიქრობთ, ეს ბრალდებები სამართლიანია?

"ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხია. ეს არის "ჰამასი!" ისრაელი ყველაფერს აკეთებს მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად. ჩვენ უკვე სამი კვირაა ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ მათ, რომ დატოვონ ღაზის ჩრდილოეთი და გადაინაცვლონ სამხრეთისკენ, ვინაიდან ეს ახლა უსაფრთხო ადგილია. "ჰამასი" კი საკუთარ მოსახლეობას ევაკუაციაში ხელს უშლის. ჰუმანიტარულ დახმარებაზეც მინდა ვისაუბრო. როგორც იცით, ღაზაში შევიდა ჰუმანიტარული დახმარება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ეს ასეც ხდება ყოველდღიურად. ეს პროცესი ეგვიპტის საზღვრიდან მიმდინარეობს. რაც ღაზის ტერიტორიაზე ვერ მოხვდება, ეს არის საწვავი, ვინაიდან "ჰამასი" ისრაელთან ომისთვის იყენებს ამას და არა მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის," - აღნიშნავს ელჩი.

ისრაელის ჩრდილოეთით ლიბანის საზღვართან "ჰესბოლა" ისევ გააქტიურდა - როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, რომ ომის მასშტაბი გაიზარდოს?

"ჩვენ უკვე ვხედავთ ომის მასშტაბების ზრდას. "ჰეზბოლა" თითქმის ყოველდღე ესხმის თავს ისრაელს. განგაშის სიგნალების ხმა ისრაელის ჩრდილოეთით გახშირდა. ორი ტერორისტული ორგანიზაცია - "ჰამასი" და "ჰეზბოლა" დიდი ხანია თანამშრომლობენ. "ჰეზბოლა", რომელიც ირანის მარჯვენა ხელია და სპონსორი ყველა იმ ტერორისტული აქტისა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება ომის მასშტაბი, თუმცა ნელ-ნელა. იმედი მაქვს, რომ მასშტაბები არ გაიზრდება, თუმცა, ისრაელს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ იბრძოლოს ორ ფრონტზე ერთდროულად. ჩვენი მიზანი არ არის გვქონდეს კონფლიქტი ვინმესთან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისრაელის პოლიტიკა იყო ერთგვარი შესაძლებლობა ღაზის მოსახლეობისთვის, რომ ეთანამშრომლათ ჩვენთან. ყოველდღიურად ვხედავდით ჩვენ იმ ადამიანებს, რომლებიც მოდიოდნენ ისრაელში სამუშაოდ," - აღნიშნავს ჰადას მეიცადი.

ჩვენ თვალს ვადევნებთ ისრაელის საპასუხო რეაქციას ღაზას სექტორში, გაცხადებული მიზანი როგროც პრემირმა ნეთანიაჰუმ თქვა - არის "ჰამასის" საბოლოო განადგურება, მაგრამ რა ხდება ამის შემდეგ ღაზაში?

"ჩვენი მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ "ჰამასს" და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს არ ექნებათ შესაძლებლობა მართონ ღაზა და საფრთხე შეუქმნან ისრაელს. ეს კითხვა არ არის მხოლოდ ისრაელთან, ამაში უნდა ჩაერთონ რეგიონის სხვა აქტორები, მათ შორის პალესტინის ადმინისტრაციაც და პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი. მან უნდა გამოხატოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჯერ მხოლოდ 3 კვირა გავიდა, მაგრამ ვფიქრობ რომ ვერ დავბრუნდებით იმ რეალობაში რაც 7 ოქტომბრამდე იყო. ისრაელს ღაზის სექტორიდან საფრთხე ვერასდროს დაემუქრება!" - განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები