ღაზის სექტორში ინტერნეტზე წვდომა აღდგენის პროცესშია. ღაზას გარესამყაროს კომუნიკაცია მას შემდეგ შეუწყდა, რაც ისრაელის ძალებმა სამხედრო ოპერაციების გაფართოება დაიწყეს. როგორც ისრაელში აცხადებენ, ეს ომის შემდეგი, რთული ეტაპის დასაწყისია.
თავის მხრივ, ღაზას სექტორში მყოფი სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ადგილზე არსებულ რთულ ვითარებაზე საუბრობენ.
"ჩვენ, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები, ნამდვილი კატასტროფის შემსწრე ვართ. კავშირი გათიშულია, ვცდილობთ დაშავებულებს იმის მიხედვით მივაგნოთ, თუ სად იყო აფეთქების ხმა და საიდან ამოდის კვამლი. მობილიზებული ვართ საავადმყოფოებთანაც, რათა ჩვენც მივიღოთ პაციენტები. როგორც შეგვიძლია ვეხმარებით. ინვენტარი, მედიკამენტები და სტაფი არასაკმარისია. მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია," - ამბობს სასწრაფო დახმარების ერთ-ერთი თანამშრომელი ნასიმ ჰასანი.